უკანონო-კანონიერი საგუშაგო
თამუნა შონია, გალი
ოტობაია-განმუხური, ნაბაკევი-ხურჩა, ენგურის ცენტრლური ხიდი, საბერიოს ხიდი – ამ გადასასვლელებზე მოძრაობას აფხაზეთში მცხოვრები ქართველები მხოლოდ სპეციალური საშვებით შეძლებენ. საშვებს ქართველ მოსახლეობას გალის დე ფაქტო ადმინისტრაციაში დაურიგებენ.
თვითგამოცხადებული მთავრობის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის მაქსიმ ღვინჯილიას თქმით, ოფიციალური გადასასვლელების გარდა, გალის მოსახლეობისთვის გადასვლა სხვა ადგილებში აიკრძალება.
,,“საზღვრის ჩაკეტვას არ ვგეგმავთ, უბრალოდ გვინდა ამ მხრივ სიტუაცია უფრო მოწესრიგებული იყოს და არსებობდეს ოფიციალური ოთხი გამსვლელი საგუშაგო. რაც შეეხება აკრძალვას, ის მოქმედებს მხოლოდ იქ, სადაც საგუშაგოები არ არსებობს“,- განაცხადა ღვინჯილიამ.
აფხაზეთის დევნილი მთავრობის სამეგრელოს რეგიონის წარმომადგენლის თორნიკე კილანავას განმარტებით, რუსები აფხაზების დახმარებით ადმინისტრაციული საზღვრის სახელმწიფო საზღვრად გადაქცევას გეგმავენ.
მისივე თქმით, სპეციალური საშვები რომლის დაკანონებასაც თვითგამოცხადებული მთავრობის საგარეო საქმეთა სამინისტრო გეგმავს, კიდევ უფრო გაართულებს ადმინისტრაციული საზღვრის გადაკვეთას, რადგან მთელ პერიმეტრზე რუსი სამხედროები არიან განლაგებულნი.
,,ადმინისტრაციულ საზღვარს დიდი ხანია რუსი სამხედროები აკონტროლებენ და იქ აფხაზი მესაზღვრეები არ იმყოფებიან. ახლაც ასე იქნება - საზღავრს მხოლოდ და მხოლოდ რუსების მესაზღვრე ჯარები გააკონტროლებენ. თავიდან რუსების ასეთ საქციელს აფხაზებსა და რუსებს შორის დაპირისპირებაც მოყვა და ამ ფაქტს რამდენიმე აფხაზის სიცოცხლე შეეწირა. რუსებმა საზღვარი ერთპიროვნულად ჩაიგდეს ხელში“, - ამბობს თორნიკე კილანავა.
კილანავას მიაჩნია, რომ საგუშაგოების გახსნით, გალის რეგიონის მოსახლეობა და სამეგრელოს რეგიონი, ეკონომიკური თვალსაზრისით ერთნაირად დაზარალდება. გარკვეული პერიოდის შემდეგ, საგუშაგოების რაოდენობაც შემცირდება, რაც მოსახლეობის მიმოსვლას საგრძნობლად შეამცირებს.
საგუშაგოების გახსნის პარალელურად გალის რეგიონში აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ ქართველების მოტოვებული საცხოვრებელი სახლების აღწერის პროცესიც დაიწყეს.
სოფელ ნაბაკევის გამგებლის ნანი ქარდავას თქმით, მასთან რამდენიმე დღის წინ რუსი სამხედროები იმყოფებოდნენ და იმ ადამიანების სია მოსთხოვეს, რომლებიც ამჟამად სოფელში არ ცხოვრობენ.
,,სოფელში სულ 540 კომლია რეგისტრირებული, ამჟამად კი მხოლოდ 300-მდე ოჯახი ცხოვრობს. მოსახლეობის ნაწილი ზუგდიდში კომპაქტურ ცენტრენში ცხოვრობენ და წელიწადში რამდენჯერმე ახერხებენ გადმოსვლას. ამ ფაქტის გამო, მათ ხომ არ უნდა ჩამოერთვათ სახლები“, - გვითხრა ნანი ქარდავამ.
ქართულ-აფხაზური ომის შემდეგ გალის რეგიონში დაახლოებით 12 ათასი მიტოვებული სახლია, რომლებიც ოჯახის პატრონებმა იქ დარჩენილ ნათესავებს და თანასოფლელებს ჩააბარეს.
გალის რაიონის ერთ-ერთი სოფლის გამგებლის ო.ჟ ინფორმაციით, ბაღაფშის მთავრობამ არჩევნების შემდეგ პირველ ეტაპზე მიტოვებული სახლების აღწერა და საგუშაგოების გახსნა დაიწყო.
,,სახლები, სადაც ქართველები არ ცხოვრობენ და მიტოვებულია დაექვემდებარება აღწერას და როგორც ვრცელდება ინფორმაცია, ეს სახლები აუქციონის წესით გაიყიდება. აფხაზები ამის მიზეზად ასახელებენ, იმას რომ ისინი არ იხდიან მიწის და სხვა სახის გადასახადებს, რის გამოც სახელმწიფო თითქოსდა ზარალდება”, - ამბობს იგი.
,,რუსებმა აღიარეს, რომ მათთვის ძალიან ძნელია 77კლ ზოლის გაკონტროლება. ამიტომაც ფუნქციონირებას ოთხი საბაჟო გამსვლელი პუნქტი დაიწყებს, სადაც იქნება დაწესებული გარკვეული გადასახადი. ამ გადასახადის შემდეგ მათ გამოეწერებათ საშვები. საგუშაგოს გარეთ მოქალაქეს გადასვლა პირველ ჯერზე ჯარიმას ითვალისწინებს, მეორე ჯერზე თანხის ოდენობა იზრდება, მესამე ჯერზე კი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას. რეალურად ამის განხორციელება რთული იქნება, რადგან მოსახლეობამ კარგად იცის გადასასვლელი ფონები და შეეცდებიან რისკზე წავიდნენ. 17 წელია ჩვენი მოსახლეობა ასეთ გზასაა შეჩვეული და ისინი რისკის ფასად ალბათ ისევ ამ გზას აირჩევენ”, - ამბობს სოფლის გამგებელი.
გამგებელმა ამასთან რუსებსა და აფხაზებს შორის არსებულ დაძაბულ სიტუაციაზეც ისაუბრა, მისი თქმით, აფხაზები თავს გალის რაიონში ძველებურად ვეღარ გრძნობენ.
,,ჩვენთან სოფელში ამასწინათ რუსი სამხედროები იყვნენ მოსულები და საუბრობდნენ, რომ გალის რეგიონში სულ მალე ომონი შემოვა, თუ რუსეთის ომონი შემოვიდა, მაშინ მთელ ტერიტორიაზე წესრიგის დაცვას განახორციელებს, ამ შემთხვევაში ფაქტიურად აფხაზს ყოველგვარი ფუნქცია დაკარგული ექნება“.
,,რამდენი ხანია მალულად გადავდივართ, ჩვენი სოფლიდან ენგურის ხიდი და ახლა, რომ ამბობენ ის საგუშაგოები ძალიან შორია, ამიტომაც გადავდივართ ფონებით. ჩემი ქმარი ერთხელ დაიჭირეს რუსებმა და ჯარიმის თანხა გალში გადაგვახდევინეს, ჩვენი ფულით 300 ლარი. უკვე აუტანელი სიტუაციაა, ამდენ აკრძალვებს რა და ვინ გაუძლებს, გალის ბაზარში წასვლა და იქ ფასები ძალიან ძვირი გვიჯდება და ამიტომ გვაწყობს ყველას აქეთ ზუგდიდში გადმოსვლა. ახლა ამასაც გვიკრძალავენ, რა გვეშველება ამაზე ვინ გაგვცემს პასუხს“, - ნერვებს ვერ იკავებს გალის რაიონის სოფელ თაგილონის მკვიდრი თინა თაკალანძე.