სტატიები
ინვესტიციები დაპირებების მიღმა

თეა ზიბზიბაძე, ქუთაისი

ქუთაისის ავტოქარხანაში, 9 თვის წინ ეგვიპტური ინვესტიციითა და პრეზიდენტის ინიციატივით შექმნილ ინდუსტრიულ ზონაში დაპირებული ორმილიარდიანი ინვესტიცია, ჯერჯერობით არსად ჩანს. 
ინდუსტირული ზონის ტერიტორიაზე დამცავი ღობეა გავლებული. იქვე გვერდით მდებარე ერთი პატარა ნაგებობა კი შიგნით შესაღწევად ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პუნქტია. ინდუსტირული ზონის ტერიტორიაზე შესასვლელად სპეციალური საშვი სწორედ აქ იწერება - დაცვის თანამშრომელთა მიერ. თუმცა როგორც ირკვევა, არა ყველა მსურველზე. ამის "კეთილი ნება" "ზემოდან" უნდა გამოხატონ, რასაც ყველაზე საუკეთესო შემტხვევაში, რამდენიმე კვირა სჭირდება.

ინდუსტირული ზონის ტერიტორიაზე შესვლისას პირველი თვალშისაცემი სიახლე მოწესრიგებული გარე ტერიტორიაა. თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანის და ახლის ხილვის მოლოდინი შენობა-ნაგებობის შიგნითაა, რადგან ამას 9 თვის წინ პრეზიდენტი გვპირდებოდა: 

"მე ძალიან არ მიყვარს ქუთაისში ხელცარიელი ჩამოსვლა და ახლაც ჩამოვედი საჩუქრებით. ამ ერთი წლის განმავლობაში ქუთაისის ინდუსტრიულ ზონაში დასაქმდება 5000 ქუთაისელი, მომდევნო პერიოდში კი, 2-3 წლის განმავლობაში 12 ათასი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება. რამდენიმე ახალი ქარხანა 2-3 თვეში შეძლებს პროდუქციის გამოშვებას. პირველ ეტაპზე ეს იქნება ეგვპტურ-ქართული წარმოების გაზქურები, ვენტილატორები და სარეცხი მანქანები". ეს განცხადება მიხეილ სააკაშვილმა 6 აპირლს გააკეთა, როდესაც ქართულ კომპანია "Georgian International Holding"-სა და ეგვიპტურ კომპანიას შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. სწორედ ამ მემორანდუმის საფუძველძე ჩამოყალიბდა ქუთაისში ინდუსტრიული ზონა, რისთვისაც ატოქარხნის ტერიტორიაზე 27 ჰა მიწის ფართობი გამოიყო.

თუმცა, დაპირებული პირველი ეტაპის 2-3 თვე ისე გავიდა, რომ გამოშვებული პროდუქცია თვალითაც არავის უნახავს. მიზეზდად ის სახელდებოდა, რომ ასაწყობი ქარხნებით დატვირთული კონტეინერები გზაში იყო და მის ჩამოსვლას ელოდნენ.

ის, რაც უნდა გაკეთდეს, ჯერჯერობით მხოლოდ ქარხნის შესასვლელში, საგანგებოდ მოწყობილ სტენდზეა გამოფენილი: წითელი ლენტით  გაფორმებულ სტენდზე რამდენიმე გაზქურა, სარეცხი მანქანა, მაცივარი და ვენტილატორი დგას.

აღებული ვალდებულებების შესასრულებლად, ეგვიპტელმა ინვესტორმა ქართველ პარტნიორთან ერთად სტარტი მხოლოდ 6 თვის წინ აიღო, როდესაც საზეიმო ვითარებაში, 11 სექტემებერს, პრეზიდენტმა თავისუფალ ინდუქტრიულ ზონაში კომპანია `ფრეშის~ ტერიტორია მოინახულა და პირველი პროდუქციის გამოშვებასაც დაესწრო. მაგრამ რამდენიმე ქარხნის ნაცვლად მხოლოდ "ფრეშის" სამარკო ნიშნით გაფორმებული გაზქურების პრეზენტაცია მოახდინეს. დაპირების მიხედვით კი, მიმდინარე წელს ინვესტორი რამდენიმე ქარხნის ასაშენებლად 1 მილიარდ 200 მილიონ 800 ათასი ლარის დახარჯვის  ვალებულებას იღებდა. სულ `ფრეში~ ინდუსტრიულ ზონაში ორ მილიარდიანი ინვესტიციის განხორციელებას აპირებს, რაც ორი წლის განმავლობაში 12 ახალი ქარხნის მშენებლობას უნდა მოხმარდეს.

"ქუთაისს ჩვენ ვაქცევთ საქართველოს ინდუსტრიულ ზონად და მეორე დედაქალქად" - პრეზიდენტის ამ დაპირებიდან 9 თვის შემდეგაც შენობაში აშენებული ქარხნები და არც ათასობით და არც ასობით დასაქმებული ადამიანი ამ დრომდე არ ჩანს.

შენობაში თითქმის ცარიელ სივრცეს კიდევ უფრო თვალშისაცემს საწარმოსთვის არადამახასიათებელი უჩვეულო სიჩუმე ხდის. ჩვენი იქ მისვლისას არანაირი წარმოება არ მიმდინარეობდა. პატარა დანადგარი, რომელიც გაზქურის ასაწყობად ყველაზე მთავარი მოწყობილობაა, ახლა ცარიელია. შესაბამისად, იქ მყოფ ხუთიოდე ქართველ მუშას ჯერჯერობით სამუშაო არ ჰქონდა. როგორც განგვიმარტეს, მუშები თბილისში იყვენენ წასულები და მზადების პროცესიც ამიტომ იყო შეჩერებული. ქარხანაში მყოფი მუშების თქმით, დამზადებული პროდუქციის რაოდენობა ბაზრის მოთხოვნაზეა დამოკიდებული. ამიტომ ზუსტ რიცხვს ვერ ასახელებენ.

ახლა შენობაში ბაზარზე გასატანად მხოლოდ რამდენიმე ათეული გაზქურაა გამზადებული. ზოგიც ჯერ კიდევ შეუფუთავია და `ფრეში~-ის სამარკო ნიშნის მიღებას ელოდება. ქარხანაში აცხადებენ, რომ მათი პროდუქცია ადგილობრივ ბაზარზედაც გადის და მასზე მოთხოვნაც არსებობს.

"ჩვენი პროდუქცია არის ხარისხიანი და იმედი გვაქს, რომ შეძლებს ბაზარზე თავის დამკვიდრებას", - განაცხადა "ფრეშის" ვიცე-პრეზიდენტმა მუჰამედ რაფათიმ.

"ყველაზე უბრალო მუშიდან - მთავარ სპეციალისტამდე, ყველა იქნება დასაქმებული ქართველი მოსახლეობა. უკვე შემოსულია 1000 კაცის განაცხადი, რომელთაც აქ მუშაობის სურვიული აქვთ", - ეს განცხადება "ფრეშის" კომპანიონმა, ქართული კომპანიის ხელმძღვანელმა მიხეილ თიგიშვილმა ჯერ კიდევ აპრილში გააკეთა. დღესდღეობით კი აცხადებს, რომ ქარხანაში 450-მდე ადამიანია დასაქმებული. იმერეთის ვიცე-გუბერტატორის ლაშა კილაძის მიერ მოწოდებული ინფორმაციით კი, ქარხანაში სულ 100-მდე ადამიანია დასაქმებული. თუმცა ჩვენი ქარხანაში მისვლისას მხოლოდ 10-მდე ქართველი მუშა-ხელი ვიხილეთ, რომლებიც პროდუქციის დამზადების პროცესში მხოლოდ გაზქურების დაშლილი ნაწილების აწყობით იყვნენ დაკავებულნი.

"დამზადებული დეტალების აწყობა მიმდინარეობს აქ. დეტალების ნაწილი ამ საწარმოში დამზადდა, ნაწილი კი ჩამოვიტანეთ. თვის ბოლოს დეტალების დამზადებაც აქვე დაიწყება და აქ იწარმოება ყველაფერი. ყველაფერი აქაა დამზადებული, მაგრამ სერიოზული წარმოება ჯერ არ მიმდინარეობს, ეს ტერიტორია სულ კონვეირი იქნება", - აღნიშნა Georgian International Holding-ს შიდა უსაფრთხოების უფროსმა გიორგი შუბითიძემ. ამ განცხადებიდან რამდენიმე თვის გასვლის შემდეგაც ქარხნის წარმომადგენლები იგივეს ამბობენ.

"ინვესტიცია, რა თქმა უნდა, ჯერჯერობით მთლიანი სახით არ განხორციელებულა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს მხოლოდ ჩამოტანილი დეტალებით შესაბამისი პროდუქციის აწყობა. რამდენადაც ჩემთვის არის ცნობილი, გზაშია მოწყობილობა, რომელიც უზრუნველყოფს გარკვეული დეტალების ადგილზე დამზადებას", - ამბობს იმერეთის ვიცე-გუბერნატორი ლაშა კილაძე.

ქარხანაში ამ მოწყობილობების დასახვედრად მოსამზადებელი სამუშაოებით ახლა რამდენიმე ათეული უცხოელი მუშაა დაკავებული. ჩვენი იქ მისვლისას მათი რაოდენობა ადგილობრივი მუშა-ხელის ფონზე საკმაო ყურადღებას იქცევდა. თუმცა "Georgian International Holding"-ს წარმომადგენლები ირწმუნებიან, რომ ქარხანაში დასაქმებული 450-მდე ადამიანიდან უცხოელი მხოლოდ 20-25, დანარჩენი - ქართველია.

აღსანიშნავია, რომ რამდენიმე კვირის წინ ოპოზიციურმა პარტიამ "ქრისტიან-დემოკრატები" ინდუსტრიულ ზონაში დასაქმების საკითხს სპეციალური ბრიფინგი მიუძღვნა. მათი მტკიცებით, საქართველოში ახალი სამუშაო ადგილები ყველასთვის იქმნება, საქართველოს მოქალაქეების გარდა. "ქრისტიან-დემოკრატების" თქმით, ინდუსტრიული ზონის შექმნა ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებაზე ორიენტირებული არ არის.

"თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შესახებ კანონის გათვალისწინებით, თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში მოქმედ საწარმოს უცხოელი მუშა-ხელის ჩამოყვანა და დასაქმება 20%-ით იაფი უჯდება", - ამბობენ "ქრისტიან-დემოკრატები". მათი განმარტებით, თიზ-ში დასაქმებული ადგილობრივი მუშა, საქართველოს მოქალაქე საშემოსავლო გადასახადს იხდის, ხოლო უცხო ქვეყნის მოქალაქეები მოცემული საგადასახადო ვალდებულებებისგან გათავისუფლებულნი არიან.

იმერეთის ვიცე-გუბერნატორი "ქრისტიან-დემოკრატების" განცხადებას უსაფუძვლოდ მიიჩნევს, რადგან კილაძის თქმით, კანონში ასეთი ჩანაწერი არსად არის.

"ინვესტორი უყურებს იმას, რა უჯდება შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე მუშა-ხელი. საინვესტიციო მიმზიდეველობა ის არის, რომ მუშა-ხელი ჩვენთან შედარებით უფრო იაფია, ვიდრე - განვითარებულ ქვეყნებში", - ამბობს კილაძე.

ქარხანაში დასაქმებული მუშები ანაზღაურებასთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთებისაგან თავს იკავებენ. ისინი ამბობენ მხოლოდ იმას, რომ მინიმალლური ხელფასი 350 ლარიდან იწყება.

"ახლგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის" ქუთაისის ფილიალის ხელმძღვანელის პაატა კლდიაშვილის თქმით, უცხოეთიდან ჩამოყვანილი მუშა-ხელის საგადასახადო ვალდებულებებისაგან გათავისუფლება დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი არსებობს ორმხრივი ხელშეკულება ქვეყნებს შორის.

"საერთაშორისო შეთანხმემები ჩვენს კანონმდებლობაზე მაღლა დგას. მაგრამ თუკი ასეთი ხელშეკრულება არ არსებობს, მაშინ უცხოელი მუშა-ხელიც იხდის საშემოსავლო გადასახადს, ისევე როგორც ადგილობრივი მუშა-ხელი", - ამბობს პაატა კლდიაშვილი.

"Georgian international Holding"-ს ერთ-ერთი დამფუძნებელი, კომპანიის კომერციული დირექტორი თემურ ბიბილეიშვილი ამბობს, რომ ასეთი ხელშეკულება მეორე მხარესთან არსებობს და შესაბამისად, უცხოელი მუშა-ხელი გადასახადებისგან თავისუფალნი არიან.

"რაც შეეხება ქართველ მუშებს, ისინი იხდიან საშემოსავლო გადასახადს, მაგრამ ინვესტორის მხრიდან ხდება დანამატის მიცემა დასაქმებულისთვის, რომ აუნაზღაურდეს ის თანხა, რასაც დაქირავებული იხდის გადასახადის სახით", - ამბობს თემურ ბიბილეიშვილი. მისი თქმით, საშუალო ხელფასი 400 ლარიდან 500 ლარამდეა. რაც შეეხება ამ დრომდე განხორციელებულ ინვესტიციას, მისი ოდენობა 300 მილიონს შეადგენს. მომავალი წლის პირველ კვარტლამდე კი დამატებით 150 მილიონის ინვესტიცია განხორციელდება.

"ადგილზე პროდუქციის წარმოება დაიწყება მარტის ბოლოდან. პირველ ეტაპზე გამოუშვებთ მაცივრებს, ვენტილატორებს, გაზქურებს. ხოლო 2011 წლიდან სულ 12 ქარხანა ამუშავდება", - ამბობს ბიბილეიშვილი.

მომავალი წლის დასაწყიდან ინდუსტირულ ზონაში წარმოების ამოქმედებას ადგილობრვი ხელისუფლებას ჩინელებიც პირდებიან. ჩინურმა კომოპანია შპს `ჰანგლი ინდუსტრიალმა~ ავტოქანხაში, 54 ჰა მიწის ფართობი სექტემბრის დასაწყისში შეისყიდეს, სადაც ხე-ტყისა და ქვის გადამამუშავებელი ქარხნები უნდა მოაწყონ.

"ჩინელები ინვესტიციის განხორციელებას დაიწყებენ მომავალი წლის პირველ კვარტალში. ზუსტად ვერ გეტყვით, რა სახის წარმოებას შემოიტანენ. შეიძლება თავიდან შემოიტანონ ერთი საწრმო, შემდეგ სხვა, რომელსაც თვითონ ჩათვლიან მომგებიანად, ისე მოიქცევიან. დაახლოებით 25-კაციანი დელეგაცია ერთი თვის მანძილზე სწავლობდა აქ არსებულ გარემოს. ეს ინვესტიცია განიხილება ჩინელებისგან, როგორც ევროპულ ბაზარზე შეღწევის საშუალება", - ამბობს ლაშა კილაძე. მისი თქმით, ჩინელებთან გაფორმებული მემორანდუმის მიხედვით, ინვესტორი ვალდებულებას იღებს, რომ დასაქმებულთა 95%-ი ადგილობრივი კადრები იქნება. ადგილობრივ ხელისუფლებაში ჯერჯერობით არ აკონკრეტებენ, თუ რა თანხა გადაიხადა ჩინურმა მხარემ ინდუსტირულ ზონაში ტერიტორიის შესაძენად. ჩვენთვის ცნობილი გახდა მხოლოდ ის, რომ აღნიშნული თანხა 5 მილიონი დოლარიდან 10 მილიონამდე მერყეობს, რომელიც ადგილობრივ ბიუჯეტში მოხვდა.

"ეს თანხა ადგილობრივი პროექტებისთვის დაიხარჯება, რომლებიც მომავალი წლიდან განხორციელდება", - ამბობს ვიცე-გუბერნატორი. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთი ასეთი პროექტი, რომელიც ჩინელი ინვესტორების მიერ გადახდილი თანხით განხორციელდება, ქუთაისის ცენტრალური სტადიონის რეაბილიტაციაა. როგორც ცნობილია, აღნიშნული სტადიონის რეაბილიტაციის ინიციატივით, ახლახანს. თვით პრეზიდენტი გამოვიდა. თუმცა, მაშინ გაცხადდა, რომ სტადიონის სარეაბილიტაციოდ პირველ ეტაპზე საჭირო 3 მილიონ ლარს ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოყოფენ. 

იანვრის ბოლოდან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები რეგიონში დამატებითი ინვესტიციების განსახორციელებლად პასუხებს ელოდებიან.  კილაძის თქმით, მორიგი ინვესტორი კატარელები არიან, რომლებიც წყალტუბოში არსებული სანატორიუმებით არიან დაინტერესებულნი.

"ასევე, იანვრის ბოლოს ჩვენ ველოდებით პასუხს აზერბაიჯანელი ინვესტორებისგან, რომლებიც არიან დაინტერესებულნი კოპიტნარის აეროპორტის რეაბილიტაციით", - აღნიშნავს კილაძე. წინასწარი ინფორმაციით, საუბარია, აზერბაიჯანელების მხირდან ასეული მილიონი დოლარის ინვესტიციაზე.