სიტყვების გარეშე
ნინო ჩიბჩიური, გორი
მესამე კლასელი თორნიკე სკოლაში აღარ დადის, მიზეზი მეტყველების დაკარგვა გახდა. არადა 2008 წლის აგვისტოს ომამდე ის ამხანაგების დახასიათებით ,,ნიჭიერი, ენამოსწრებული, სხარტი და მხიარული“ ბავშვი იყო.
თორნიკე ზუბაშვილი უკვე 4 თვეა ვეღარ ლაპარაკობს, მშობლები ბავშვის მდგომარეობას ძლიერ განიცდიან და უკვე აღარ იციან - რა მიმართულებით განაგრძონ მისი მკურნალობა.
,,ჩვენ, ოჯახის წევრები ამ ყველაფერს ომის პერიოდს ვუკავშირებთ. თორნიკემ გასული წლის აგვისტოში საკმაოდ დიდი სტრესი მიიღო, თავიდანვე ემოციური ბავშვი იყო, მაგრამ ვერ წარმოვიდგენდი, რომ ასე ენამოსწრებულ ბავშვს ოდესმე მეტყველება დაეკარგებოდა. როცა რამე უნდა, გამოძახილებით გვახვედრებს, ხელები გამუდმებით უკან მიაქვს და ნერვიულად აწვალებს. სულ ყურადღების ქვეშ გვყავს“, - ამბობს თორნიკეს დედა ირინა რომელაშვილი.
ზუბაშვილების ოჯახმა სოფელი ხეითი 2008 წლის 6 აგვისტოს საკმაოდ რთული ვითარებაში დატოვა. სამი დღე დევნილი ოჯახი გორში დარჩა. ბავშვი ქალაქის დაბომბვას უშუალოდ შეესწრო. თორნიკე განსაკუთრებით ბებიაზე ნერვიულობდა, რომელმაც სოფლიდან გამოსვლა ვერ მოახერხა. მშობლები იხენებენ, რომ თორნიკე გამუდმებით კითხოლობდა ვენერა ბებიის ამბავს, რომლის შესახებ დღეები არაფერი იცოდნენ.
,,როცა გამოსვლა მოვახერხე და ბავშვების ნახვა შევძელი, ყველაზე მეტ კითხვას თორნიკე მისვამდა, როცა ვპასუხობდი ჩაფიქრდებოდა. ომის შემდეგაც საკმაოდ უცნაურ კითხვებს მისვამდა იმ პერიოდთან დაკავშირებით”- იხსენებს თორნიკეს ბებია.
ბოლო პერიოდში თორნიკე გაკვეთილებსაც აღარ სწავლობდა და პროტესტის ფორმით ამბობდა ,,არ ვისწავლი”. ოჯახის წევრების ან სტუმრად მოსული ადამიანების კითხვებსაც საკუთარი სურვილისამებრ პასუხობდა.
ხასიათების ხშირი ცვალებადობა და ნერვიული, მოუსვენარი განწყობა, შეუმჩნეველი არ დარჩენია კლასის დამრიგებელსაც. განსაკუთრებული მოუსვენრობა და შფოთვა გაკვეთილზე თორნიკეს მაშინ ეტყობოდა, როდესაც საუბარი ომს ან მასთან დაკავშირებულ საკითხებს ეხებოდა.
ომის შესახებ საუბარი აკრძალეს ოჯახშიც, მისი უფროსი და მარი და უმცროსი ძმა ლევანი ცდილობენ თორნიკე გაამხიარულონ სხვადასხვა სახით. თორნიკეს უყვარს ღიმილიანი სტუმრები, მათთან მიდის და თვალებით ესაუბრება, თითქოს პასუხს სცემს მათ კითხვებზე, სიამოვნებს თამაში, თბილი დამოკიდებულება, ამიტომ მეგობრები და ახლობლები ხშირად კითხავენ.
თორნიკეს ორი პატარა ბაჭიაც ჰყავს, რომლებზეც ზრუნვა ახალისებს, დედასთან ერთად მიდის და საჭმელს აჭმევს, თორნიკეს დედა იხსენებს, რომ ბავშვს სოფელში ლეკვი და კურდღლები დარჩა, რომლებთან განშორება ძალიან განიცადა.
პროფესორმა რომან შაქარაშვილმა სამედიცინო გამოკვლევების შედეგად თორნიკეს ,,ლანდაუკრეიფლერის” ანუ ტვინის უჯრედის გენის მუტაციის დიაგნოზი დაუსვა, რაც უიშვიათესი დაავადებაა. პროფესორის ვარაუდით შესაძლოა ამ დაავადებამ თვალებიც და ქვედა კიდურებიც ჩაითრიოს. თორნიკეს მდგომარეობას მძიმედ თვლიან სხვა ნევროპათოლოგებიც, რომლებიც შიშობენ, რომ დაავადება სწრაფად პროგრესირებს.
თორნიკეს მშობლებს, ადგილობრივ კლინიკებში ამაო მცდელობების შემდეგ, ბავშვის საზღვარგარეთ მკურბალობის იმედიღა რჩებათ.