ალუმინის პუდრა
ლაშა ზარგინავა, ფოთი
ფოთში, გეგიძის ქუჩაზე მცხოვრები მოსახლეობა ჯანმრთელობის გაუარესებას უჩივის. მათი განცხადებით, იმატა ონკოლოგიურ და ტუბერკულოზით დაავადებულთა რაოდენობამ. გეგიძის ქუჩა ნავსადგურის შემოღობილ ტერიტორიას ემიჯნება, იმ ნავმისადგომს, სადაც თიხამიწის, ანუ ალუმინის ოქსიდის გადამუშავება მიმდინარეობს. მოქალაქეებს სიცოცხლისთვის საშიშად სწორედ გადატვირთვა-ჩატვირთვისას ჰაერში გავრცელებული ალუმინის ოქსიდის მტვერი მიაჩნიათ.
არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ფაზისელის~ თავმჯდომარე ჯუმბერ კემულარია ამბობს, რომ ტვირთის გადამუშავების პროცესში, სწორედ უსაფრთხოების წესებით გათვალისწინებული პროცედურა ირღვევა, ანუ არ ხდება ტვირთის შესაბამისი ტექნოლოგიებით გადამუშავება. ამავე ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ დღემდე, არც ერთი დამოუკიდებელი გარემოსდაცვითი ორგანიზაცია არ დაინტერესებულა, თუ რამდენად საფრთხის შემცველია ეს ნივთიერება, როგორც ადამიანის ჯანმრთელობისთვის, ისე გარემოზე ზემოქმედების კუთხით.
აკადემიკოსი ანზორ ტყებუჩვა, ამბობს, რომ ინერტული მასალის წყლის ფსკერზე დალექვა, თავისთავად იწვევს, წყლის სარკისებრი ფსკერის ჟანგბადისგან იზოლაციას, რაც ,,ცოცხალი სხეულების უდაო დაღუპვის წინაპირობაა“.
ფოთის საზღვაო ნავსადგურის მიმდებარე ქუჩების მხოვრებთა პროტესტის საბაბი ,არამარტო გარემოზე მიყენებული ზიანი, არამედ ადამიანების ჯანმრთელობის მდგომარეობაცაა.
,,ტვირთის გადამუშავებისას ფანჯრის გაღება შეუძლებელი ხდება. ბავშვებს ეზოში ვეღარ ვუშვებთ. მტვერი თავზე გვეყრება. ფილტვები და სასუნთქი ორგანოები დაავადებული გვაქვს. სხვაგან წასასვლელი არ გაგვაჩნია და აქ ცხოვრებით საკუთარი თავისთვის გამოგვაქვს განაჩენი“, - ამბობს გეგიძის ქუჩის მაცხოვრებელი ნინო ჯიბლაძე.
ამავე ქუჩის მცხოვრებთა ერთი ნაწილი აცხადებს, რომ თავიანთი გულისწყრომის ღიად დაფიქსირება, მათ იმის გამო არ შეუძლიათ, რომ თითქმის ყველა ოჯახიდან, ერთი ადამიანი მაინც პორტის თანამშრომელია და ამ პრობლემაზე ხმამაღლა საუბრის შემთხვევაში, შესაძლოა, სამსახური დაკარგონ. ,,რა ალუმინის ოქსიდს მოვუკლივარ და რა უმუშევრობასა და შიმშილს, ვიტყვი რაიმეს და ნავსადგურიდან დამითხოვენ“, - ჩვენ მოსახლეობის მხრიდან ასეთი პოზიციაც მოვისმინეთ.
,,ჩვენ არა ალუმინის ოქსიდის საერთოდ შემოტანის აკრძალვას, არამედ მისი ღია წესით გადამუშავების გაუქმებას ვითხოვთ. თიხამიწა, როგორც ცივილურ ქვეყნებში ხდება, დაფასოებუ¬ლი უნდა შემოიტანონ“, - აცხადებს გეგიძის ქუჩის მკვიდრი ნანა თავაძე.
მოსახლეობის მხრიდან პერმანენტულად გამართული საპროტესტო აქციების გათვალისწინებით, ნავსადგურის ადმინისტრაციამ ხელშეკრულებითი ფორმით ს/ს ნ. მახვილაძის სახელობის შრომის, მედიცინისა და ეკოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის თანამშრომლები მოიწვია. ჩატარებული კვლევის საფუძველზე შედგენილი დასკვნის თანახმად, ალუმინის ოქსი¬დის ის რაოდენობა, რაც ჰაერში ვრცელდება, არ წარმოადგენს საფრთხეს ადამიანის ჯანმრთელობისთვის.
,,ალუმინის ოქსიდი სამუშაო ზონის ჰაერში გამოიყოფა დეზინტეგრაციის აეროზოლის სახით. იგი მიეკუთვნება ნაკლებად საშიშ ნივთიერებებს. ზღვრულად დასაშვები კონცენტრაცია შეადგენს 6მგ/მ.კუბს. თიხამიწის მტვრის შედარებით მომამეტუბლი კონცენტრაციები აღინიშნა დოკერმექანიზატორის სამუშაო ადგილზე, ბუნკერთან და ბუნკერის ბოგურაზე 30;24 მგ/მ.კუბი. რადგან თიხამიწის მტვრის გამოყოფა ხდება მხოლოდ ვაგონებში ჩატვირთვის დროს, ამიტომ მუშებს მტვრიან გარემოში ყოფნა უხდებათ განსაზღვრული დროის განმავლობაში”“,- ვკითხულობთ დასკვნაში.
,,ჩვენს მიერ მიღებული თიხამიწის მტვრისა და ალუმინის ოქსიდის კონცენტრაციების მონაცემებიდან გამომდინარე, მომუშავეთა საერთო რეჟიმის გათვალისწინებისას, ტექნოლოგიური პროცესის რეგლამენტისა და შრომის უსაფრთხოების წესების დაცვისას, ალუმინის ოქსიდის ზემოქმედებამ მომუშავეთა ორგანიზმზე არ უნდა გამოიწვიოს მათი ჯანმრთელობის გაუარესება. კვლევისას, თიხამიწის გადმოტვირთვის ეპიცენტრიდან, 20-50 მეტრის დაშორებით ალუმინის ოქსიდის კონცენტრაცია ნაკლები იყო ზღვრულად დასაშვებზე“,- ამ შინაარსის დასკვნას სხვა სპეციალისტებთან ერთად ხელს აწერს პროგრამის დირექტორი ვერა როყვა.
ოფიციალური დოკუმენტის თანახმად, მოკვლევის ჩატარებისას ქარის მოძრაობის სიჩქარე 0,75მ/წმ-ს შეადგენდა, რაც ფოთში, ბუნებრივი კლიმატური პირობებიდან და პრაქტიკულად ქარისმიერი ეროზიის ზონაში მდებარეობიდან გამომდინარე, იშვიათობას წარმოადგენს და დაბალი მაჩვენებელია.
ალუმინის ოქსიდი თეთრი ფერის, ქიმიურად ინერტული, გრანულირებული მასაა. მისი მტვერი მაღლივი კორპუსების ფანჯრის რაფებზე შეუიარაღებელი თვალითაც იოლი შესამჩნევია.
ექსპერიმენტის სახით ერთი ოჯახის საცხოვრებელი ფართიდან 50 გრამამდე თიხამიწის კრისტალების შეგროვება შევძელით. ექსპერიმენტის ობიექტად, გეგიძის ქუჩაზე მცხოვრები ნანა თავაძის საცხოვრებელი სახლი ავარჩიეთ. ჩვენი დაკვირვება ჰაერში ალუმინის ფხვნილის გაბნევაზე დილის 11 საათზე დაიწყო და სრულ 12 საათს გაგრძელდა. ერთადერთი ხელისშემშლელი ბუნებრივი პირობა, რაც ამ ექსპერიმენტში შეიძლებოდა ხელისშემშლელი ყოფილიყო, აღმოსავლეთის ქარი გახლდათ, რომელმაც ექსპერიმენტის ბოლომდე განხორციელებას ხელი ვერ შეუშალა და სწორედ იმ რაოდენობის ალუმინის ფხვნილის შეგროვება გახდა შესაძლებელი, რაც ზემოთაა მითითებული.
აღნიშნული ექსპერიმენტი, კიდევ ერთხელ მიუთითებს, თუ რამდენად საშიშია ფოთის პორტის მიმდებარე ტერიტორიაზე ცხოვრება.
დახმარებისა და რეაგირების თხოვნით 107 მოქალაქის ხელმოწერილი განცხადება არასამთავრობო ორგანიზაცია `ანტიკორუფციული და ადამიანის უფლებათა დაცვის საზოგადოებაშიც დაიდო. სპეციალური საინფორმაციო ბიულეტენისა და ხმაურის მიუხედავად, ნავსადგურის ადმინისტრაციის მხრიდან რეაგირება მხოლოდ ზემოაღნიშნული სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მოწვევითა და მისი დასკვნით თავის მართლებით შემოიფარგლა.
,,მიგვაჩნია, რომ ეს არის წინასწარ დაგეგმილი სცენარით მოგზაურობა ფოთში. სპეციალისტებმა წინასწარ იციან, თუ რა სახის დასკვნა უნდა მოამზადონ. მიჭირს თქმა, მათსა და ნავსადგურის ხელმძღვანელობას შორის რა სახის გარიგება ხდება, მაგრამ ეს რომ ასეა, ფაქტია. ქალბატონებს პუდრივით აყრიათ ალუმინის ოქსიდი და თურმე ადამიანის ორგანიზმამდე მტვერი ვერ აღწევს. მეტიც, იგი სასარგებლოც კი ყოფილა. არამარტო ნავსადგური, ქარიან ამინდში მთლიანად ქალაქი ბინძურდება. მტვერი, დატვირთული ვაგონებიდანაც იფანტება, რომელიც რკინიგზის ლიანდაგით გადაადგილებისას საკმაოდ ვრცელ ტერიტორიას გადაკვეთს. ეს არის არა მოსახლეობის, არამედ ბინძური ბიზნესის დაცვა“, - ამბობს ჩვენთან საუბრისას ,,ანტიკორუფციული და ადამიანის უფლებათა დაცვის საზოგადოების თავმჯდომარე ჯუმბერ კემულარია.
რამდენიმე წლის წინ, ნავსადგურის დოკერმექანიზატორ არსენა ზარქუას გარდაცვალების ფაქტზე სისხლის სამათლის საქმე აღიძრა. ნავსადგურის მიერ სააპელაციო წესით გასაჩივრებული განჩინება საბოლოოდ უზენაესმა სასამართლომ დაადასტურა. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით ზარქუას ექსჰუმირებული გვამიდან ფილტვის ქსოვილში აღმოჩნდა ალუმინის ოქსიდი. სიკვდილის მიზეზად მოწამვლის შედეგად განვითარებული სუნთქვის ცენტრის დამბლა და გულ-სისიხლძარღვთა მწვა¬ე უკმარისობა დადგინდა. სასამართლო ნავსადგურის ბრალეულ ქმედებებზე, შრომის კანონმდებლობის, შრომის დაცვის წესების, ნორმების არასათანადო შესრულებაზე აპელირებდა. პორტს ზარქუას ოჯახისთვის 10 წლის სამსახურეობრივი სარგოსა და მცირეწლოვან შვილებზე ყოველთვიური სარჩოს გადახდა დაეკისრა. ზარქუას გარდაცვალებისა და მისი ოჯახისგან სასამართლოსთვის მიმართვის შემთხვევა, ფაქტობრივად ერთადერთი შემთხვევაა, მთელ ამ ისტორიაში, რომელიც ალუმინის ოქსიდის ირგვლივ, წლებია ტრიალებს.
,,თიხა მიწა, იგივე გლინაზიუმი, ეს გახლავთ, სრულიად ინერტული ტვირთი, რომელიც არის ნედლეული, ალუმინის წარმოებისთვის და, რომლის მავნე ზემოქმედება ადამიანის ორგანიზმზე გაცილებით დაბალია, იმ ტრადიციულ ტვირთებთან შედარებით, რომელიც მუშავდება ფოთის პორტში“,- ამბობს შპს ,,ბი ენდ პი“-ს წარმომადგენელი თამაზ კაპანაძე. ეს სწორედ ის ფირმაა, რომელიც ფოთის პორტში ალუმინის ოქსიდის გადმოტვირთვა-ჩატვირთვის სამუშაოებს ახორციელებს. პრაქტიკულად, სხვა პასუხი პორტიდან ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ ვერ მივიღეთ.
ჯუმბერ კემულარიას ინფორმაციით კი, ამ ტვირთის მიღებაზე, თავის დროზე უარი განაცხადა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ლიდერმა ასლან აბაშიძემ მასზე ადრე კი, უკრაინის, საბერძნეთის და აფრიკის ქვეყნების პორტებმა. მიუხედავად ამისა, ფოთის პორტის ადმიანისტრაცია, ჟურნალისტებს არწმუნებს, რომ ალუმინის ოქსიდი ისეთივე `მაწყინარია~, როგორიც ზედმეტად მირთმეული `საცივი~.
,,ორი პორცია საცივი, რომ ჭამოთ, შეიძლება მაგანაც გაწყინოთ, როგორც ამ ნივთიერებამ. ამიტომ, ჭამეთ რამდენიც გინდათ, ოღონდაც ზედმეტი ნუ მოგივათ“, -დაგვარწმუნა მეორე საწარმოო რაიონის ყოფილმა უფროსმა გურამ სადრაძემ.
მოსახლეობა თვლის, რომ აშკარა საფრთხის წინაშეა დ გაჩუმებას არ აპირებს. გეგიძის ქუჩის მაცხოვრებლები დამოუკიდებელი ექსპერტის მოწვევას გეგმავენ.