გლეხები ცუდ 2010 წელს წინასწარმეტყველებენ
თამუნა უჩიძე, ახალციხე
იმაზე, რომ 2010 წელს მოსავალს ვერ მიიღებენ, გლეხები ახლავე სწუხან.
თოვლის მოუსვლელობა არა, მაგრამ ზამთარში სითბო და წვიმიანი ამინდები რომ კარგის მომასწავლებელი არ არის, გლეხებისათვის სადავო არ არის.
,,თუ მიწა არ გაყინა და დაიფშვნა, რა დაშლის ამ ბელტებს? ასეთი ზამთრის შემდეგ გაზაფხული კიდევ უფრო წვიმიანი იქნება. სველი მიწა არ დაიხვნება. თან ეს სითბო კვირტებს გამოიტყუებს და მერე კი მოყინავს“, - ასეთია ვალის მკვიდრის 70 წლის ნიკოლოზ ნადირაძის პროგნოზი .
დეკემბერსა და იანვარში წვიმა, რომ იშვიათი შემთხვევაა, ამას ახალციხის მეტეოსადგურშიც ადასტურებენ.
,,წელს ნალექის რაოდენობა 23,4 მეათედია, ოღონდ წვიმის სახით. რაც შეეხება თოვლს, მხოლოდ ერთხელ მოვიდა და ისიც თოვლჭყაპი. მისი სიმაღლე ერთი სანტიმეტრიც არ იყო და მალევე გაქრა“, - გვიხსნის ახალციხის მეტეოსადგურის უფროსი ირმა ყავრელიშვილი.
ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის ჯემალ დოლიძის განცხადებით, გასული წლის დეკემბერი ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე მართლაც ანომალიურად თბილი იყო: ,,ახალციხეში ჰაერის საშუალო ტემპერეტურის გადახრა ნორმიდან 3. 2 გრადუსით მეტი დაფიქსირდა“.
სტიქიამ გასულ წელს ბევრი ოჯახი ლუკმაპურის გარეშე დატოვა. ივნისიდან აგვისტომდე არა ერთხელ მოსულმა ჭარბმა წვიმამ ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფლებში ნაკვეთები დატბორა და ნათესები თითქმის 100 პროცენტით გაანადგურა.
,,გასულ წელს მუნიციპალიტეტმა ორ მილიონამდე ზარალი განიცადა. 2008 წელთან შედარებით 2009-ში მოსავლიანობა 50 პროცენტით შემცირდა“, - გვიხსნის ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის თანაშემწე ალიკა კოსტანიშვილი და დასძენს, რომ მარცვლის მოსავლის საერთო რაოდენობამ 10 ცენტნერიც ვერ შეადგინა.
მათ კი ვისი ნაკვეთებიც სტიქიას გადაურჩა და მოსავალი მიიღო, გასაღება გაუჭირდა. ნიკოლოზ ნადირაძემ სამი ტონა კარტოფილი და 20 ტონა კომბოსტო მოიყვანა: ,,სად წავიღო? იმის საშულება არ მაქვს თბილისში გასაყიდად რომ ჩავიტანო. აქ კიდევ საწარმო არაფერია რომ ჩააბარო. ხალხს ტონობით ვაშლი დაულპა. გლეხის მომკითხავი ხომ არავინაა და თითქოს ახლა ბუნებაც შემოგვწყრა“.
იმის გამო, რომ გლეხებმა მოსავალი ვერ მიიღეს, ხოლო ვინც მიიღო ვერ გაასაღა, სოფლებში საშემოდგომო ხვნები არ ჩატარებულა.
,,ბევრ სოფელში ტრაქტორი საერთოდ არ შესულა, ხალხს ფული არ ჰქონდა. ოთხი კილო კარტოფილი უნდა გაყიდო, რომ ერთი ლიტრი საწვავი იყიდო. კარგი იქნება თუ მთავრობა გლეხებს საწავავით დაეხმარება“, - ამბობს ალიკა კოსტანიშვილი.
მისი განმარტებით, თბილ და წვიმიან ზამთართან ერთად ის გარემოება რომ მზრალი ხვნები არ ჩატარებულა, მდგომარეობას კიდევ უფრო ართულებს: ,,ბელტები ამოვა, სანამ ტალახი გახმება და დახნავენ მაისიც მოგვადგება. არადა ჩვენთან მარცვლეული მარტში ითესება. თუ მაისში დათესავ ჩათვალე, რომ 60 პროცენტი მოსავალს ვერ მიიღებ. ძველებსაც უთქვამთ, მარტში დათესილი ქერი ცხენმა კბილებით იგრძნოო“.
კოსტანიშვილი ვარაუდობს, რომ კლიმატური პირობების გამო დროულად ვერც კარტოფილ დაითესება: ,,კარტოფილი აპრილის დასაწყისში უნდა დაითესოს, მაგრამ ესეც ძალიან გაჭირდება“.
სინოპტიკოსები იმ ფაქტს, რომ ზამთარში თოვლის ნაცვლად წვიმა მოდის და ტემპერატურაც საკმაოდ მაღალია გლობალური დათბობით ხსნიან.
,,კლიმატი შეიცვალა, გაზაფხულიც უფრო ადრე მოდის“ - ამბობს სამცხე ჯავახეთის ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის დირექტორი ლევან კაპანაძე.