საკუთარი ძალების ამარა
თამუნა უჩიძე, ახალციხე
სახელმწიფო პროგრამა, რომელიც ყველა მშობიარის ასპროცენტიან დაფინანსებას ითვალისწინებდა, ერთი წელია გაუქმდა. მიუხედავად იმისა, რომ მშობიარობა უფასო თითქმის აღარავისთვისაა, რეგიონის მასშტაბით შობადობის საერთო მაჩვენებელი ახალციხის რაიონული სამშობიაროს მონაცემებით, უმნიშვნელოდ, მაგრამ მაინც გაზრდილია.
"სოციალური ფონი მაღალი რომ იყოს, შობადობა კიდევ უფრო მაღალი იქნება, უჭირს ხალხს, - ამბობს ახალციხის რაიონული საავადმყოფოს სამშობიაროს უფროსი ექთანი ქეთევან ვახრამოვი და დასძენს – არაა იმხელა გადასახადი, რომ ოჯახმა ამ თანხის დაზოგვა ვერ შეძლოს".
ფიზიოლოგიური მშობიარობის ტარიფი 400-450 ლარით განისაზღვრება, პათოლოგიური – 500, საკეისრო – 1 137.
2009 წლის იანვრიდან დღემდე ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობას, თითქმის ყველა სამუშაო დღეს, მშობიარობის დაფინანსების მოთხოვნით, არა ერთი ფეხმძიმე აკითხავს.
"თვეში მინიმუმ 50 მოდის, ბევრი უსამართლოდაც ითხოვს", - ამბობს ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებელი დავით ათუნაშვილი.
სახელმწიფო პროგრამის გაუქმების შემდეგ, 2009 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტში ახალი მუხლი გაჩნდა - "ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის მშობიარობის 200 ლარიანი დახმარების პროგრამა".
"ყველა გაჭირვებულის დახმარებას ვერ შევძლებდით, ამიტომ პრიორიტეტად სიღარიბის ზღვარს ქვემოთ დარეგისტრირებულების დაფინანსება დავისახეთ", - განმარტავს ახალციხის მუნიციპალიტეტის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი ზურაბ ჯინიუზაშვილი.
მიმდინარე წელს მუნიციპალიტეტის გამგეობაში ოპერაციის დაფინანსების მოთხოვნით 225 განცხადებაა შესული. ახალციხის მუნიციპალიტეტის იურიდიული სამსახურის მთავარი სპეციალისტის გიორგი მელიქიძის განცხადებით, აქედან 50 პროცენტი საკეისრო კვეთაზე მოდის: "ოპერაციებისთვის 120 ათას ლარამდეა გაცემული".
სოციალურად დაუცველი მოსახლეობის გეგმიურ საოპერაციო ხარჯებს მუნიციპალიტეტის გამგეობა 30 პროცენტით, გადაუდებელს კი 50 პროცენტით აფინანსებს.
მელიქიძის განმარტებითვე, ფიზიოლოგიური მშობიარობის დაფინანსების მოთხოვნით, გამგეობაში 18 განცხადებაა შესული: "10-მდე ფეხმძიმე დაფინანსდა, დანარჩენს უარი ეთქვა".
ჯანმრთელობისა და სოციალური პროგრამების სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის ფილიალს 660 ვაუჩერი აქვს გაცემული ბენეფიციარებზე სხვადასხვა კერძო სადაზღვეო კომპანიებში წარსადგენად.
"ეს ის ბენეფიციარები არიან, რომლებსაც 70 ათასზე ნაკლები ქულა (სახელმწიფოს შეფასების შკალის მიხედვით, ქულათა ამგვარი რაოდენობით ადმიანები სოციალურად დაუცველთა რიგებში ხვდებიან) 2008 წლის პირველ დეკემბრამდე აქვთ მინიჭებული. მათ კი ვისაც ქულა 2008 წლის დეკემბრის შემდეგ მიენიჭა, ვაუჩერები ჯერ არ მიუღიათ", - განმარტავს ჯანმრთელობისა და სოციალური პროგრამების სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის ფილიალის უფროსი ლუიზა იოსელიანი.
მუნიციპალიტეტი 200-ლარიან თანადაფინანსებას ითვალისწინებს სწორედ ისეთ პირებზე, რომლებსაც ჯერ ჯანმრთელობის პოლისი არ მიუღიათ.
"ვეხმარებით მარტოხელა დედებს, ოღონდ 70 ათასი ქულის ქვემოთ უნდა იყვნენ დარეგისტრირებულნი", - აცხადებს დავით ათუნაშვილი.
20 წლის ეკა ხუციშვილი მარტოხელა დედაა. ამბობს, რომ უმწეობის დახმარების მისაღებად ქულები მხოლოდ იმიტომ არ ეყო, რომ "სახლში ფარდები ეკიდა და დივან-კრესლო~ ედგა. ოთხსულიანი ოჯახის "ავლადიდებას" გრიგოლ ხანძთელის #32-ში ერთოთახიანი ბინა, მხოლოდ ერთი ძველი მაგიდა, კარადა, ორი საწოლი, დივანი, სავარძელი და ღუმელი წარმოადგენს: "ჯერ კიდევ ფეხმძიმედ ვიყავი მეუღლეს რომ დავშორდი. მშობლების იმედად ვარ. ოჯახის ყოველთვიური შემოსავლი 250 ლარს არ აღემატება. რამდენი რამისთვის უნდა დაზოგო თანხა? მშობიარობისთვის, ჭამისთვის, წამლისთვის, ახალშობილს კიდევ რამდენი რამ სჭირდება. არაერთხელ ვთხოვეთ გამგებელს დახმარება, თუმცა ამაოდ".
ახალშობილთა დედები მიიჩნევენ, რომ მშობიარობა უფასო უნდა იყოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ქვეყანაში არსებული მძიმე სოციალური ფონიდან გამომდინარე, შობადობა მალე მნიშვნელოვნად შემცირდება.
"სოფელში გაჭირვებულმა გლეხმა რა ქნას? ოჯახში არავინ მუშაობს, მიწაზე ვართ დამოკიდებული. პირველი შვილი შემეძინა, მაგრამ ვისაც ორი მაინც ჰყავს, ამ გაჭირვებულ ქვეყანაში მესამეს და მეოთხეს აღარ გააჩენს", - ამბობს მუგარეთელი 20 წლის ნანა ლომიძე.
"ქალებს ურჩევნიათ 50 ლარი ისესხონ და აბორტი გაიკეთონ, ვიდრე მშობიარობისას რაიმე გართულების შემთხვევაში მკურნალობა ვერ შეძლონ", - აცხადებს 29 წლის მაკა ზაზაშვილი.
ახალციხის რაიონულ საავადმყოფოში 2008 წელს 782 აბორტია გაკეთებული, 2009-ში 577. შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საერთო მონაცამებით კი აბორტზე რეგისტრირებულთა რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. მაგალითად თუ 2007 წელს გაკეთებული აბორტების რაოდენობა 20 ათასს აღემატება, 2008-ში მათი რიცხვი 22 ათასს აჭარბებს.
ახალციხის მუნიციპალიტეტსა და რაიონულ საავადმყოფოში ფიქრობენ, რომ შობადობის კლება-მატებასთან მშობიარობის დაფინანსება "არაფერ შუაშია".
"400 ლარის გამო ვინმე გამრავლებაზე უკან დაიხევს? ეს ზღაპარია!" - აცხადებს დავით ათუნაშვილი.
გამგებლის მოსაზრებას იზიარებს საფინანსო სამსახურის უფროსიც, თუმცა, ფიქრობს, რომ მშობიარობის დაფინანსებაზე მოთხოვნა მუნიციპალიტეტის გამგეობაში არც მომავალ წელს შემცირდება.
"გვინდა 2010 წლის ბიუჯეტით ისეთი ადამიანების დაფინანსებაც შევძლოთ, რომლებსაც ქულების საჭირო რაოდენობა არ აქვთ მინიჭებული, - ამბობს ზურაბ ჯინიუზაშვილი და დასძენს – ყველა სახელმწიფო პროგრამა გამიზნულია იქით, რომ ჯერ შემცირდეს და შემდეგ გაქრეს".