სტატიები
ფისკალური ზღვარი

 ანაიდ გოგორიანი, სოხუმი

აფხაზეთში 24 ცალკეულ  კატეგორიად დაყოფილი 49 182 პენსიონერი ცხოვრობს. ”ბევრია თუ ცოტა? მომუშავეთა რაოდენობასთან შედარებით (34 ათას ადამიანზე ცოტა მეტი), რასაკვირველია, ეს რიცხვი ძალიან დიდია, რადგან ყოველ 10 მომუშავეზე 13-14 პენსიონერი მოდის”, - აღნიშნა ლეონიდ ლაკერბაიამ და დაამატა, რომ ასეთი მდგომარეობა, როდესაც პენსიონერთა რიცხვი მომუშავეთა რიცხვს აჭარბებს, მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაშია. თუმცა ამ მოვლენას ვიცე-პრემიერი თავისივე ახსნას უძებნის - ეს აფხაზეთის 1992-1993 წლების სამამულო ომია. თითქმის 4 000 პენსიონერი ომის ინვალიდია: საპენსიო ასაკის აფხაზეთის გმირები, ლეონის ორდენის კავალრები, ”სიმამაცის” ორდენით დაჯილდოებულნი და პერსონალური პენსიის მიმღებები. ”სამხედრო პენსიონერთა წილი მთელი ოდენობის 8%-ია, საპენსიო ფონდის გადახდილი თანხებიდან კი მათზე მესამედზე მეტი მოდის”, - ამბობს ლაკერბაია. 2010 წლის 1 იანვრის მონაცემებით, ამ კატეგორიის საშუალო პენსია თვეში 2322 რუბლს შეადგენს. 

ვიცე-პრემიერმა  ბოლო ხუთი წლის განმავლობაში საპენსიო უზრუნველყოფის  მიმართულებით განხორციელებულ საქმიანობაზეც ისაუბრა. ამ პერიოდში სადაზღვევო შენატანები საპენსიო ფონდში მუდმივად იზრდებოდა. 2004 წელს საპენსიო ფონდში 67 მილიონი რუბლი შევიდა, 2009 წელს კი - 372 მილიონი. ამას ხელფასების ზრდამ, ასევე, შემოსავლების ”ჩრდილიდან” გამოტანამ შეუწყო ხელი. 

ლეონიდ ლაკერბაიამ დაასახელა გადასახადის უმსხვილესი გადამხდელები, რომელთა შენატანებმაც 1 მილიონ რუბლს გადააჭარბა. ასეთი ორგანიზაციებისა და საწარმოების რიცხვმა 31-ს მიაღწია. ყველაზე მსხვილმა გადამხდელმა - სამხედრო სანატორიუმმა ”სოხუმური” 15 მილიონ რუბლზე მეტი შეიტანა, რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტრომ - თითქმის 14 მილიონი რუბლი, ამ სიაში მოხვდნენ ასევე ფირმა ”სტროისნაბსბიტი”, სამხედრო სანატორიუმი, ”აკვაფონ ჯი ეს ემ”-ი და ა.შ. 

პირველი ვიცე-პრემიერის  თქმით, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ყველა კატეგორიის პენსია გაიზარდა. 13 კატეგორიის პენსიამ 10-ჯერ, ხოლო ბავშვობიდან ინვალიდთათვის 16 წლამდე - 21,4-ჯერ მოიმატა. ”რასაკვირველია, ვაღიარებ, რომ 1500 რუბლი, რასაც ბავშვობიდან ინვალიდები იღებენ - დიდი თანხა არაა. თუმცა 70 რუბლს, რაც ადრე ჰქონდათ, ნამდვილად სჯობს”, - ხაზი გაუსვა მან. 
ასევე, გაიზარდა სოციალური პენსიები, ინვალიდთა, მათ შორის, დიდი სამამულო ომისა და 1992-1993 წლების სამამულო ომის ვეტერანთა პენსიები, დიდ სამამულო ომსა და 1992-1993 წლების სამამულო ომში დაღუპულთა  ოჯახების პენსიები. მოიმატა  აფხაზი ხალხის სამამულო ომში დაღუპული მარჩენალის პენსიამ. მიღებულია დადგენილება ერთადერთი ვაჟიშვილის დამკარგავი ოჯახისათვის პენსიის გამოყოფის თაობაზე.

2008 წელს საპენსიო  კანონმდებლობაში ცვლილებების  შეტანის შემდეგ, პენსიას  ავღანეთში 1979 წლის დეკემბრიდან  1989 წლის დეკემბრამდე მიმდინარე სამხედრო მოქმედებებში დაღუპულთა ოჯახებიც იღებენ. ასევე, მიღებულია კანონი ”ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის კატასტროფის შედეგების ლიკვიდაციაში მონაწილე მოქალაქეთა სოციალური დაცვის შესახებ”. გამოიყო პენსიის მიმღებთა სამი კატეგორია: ასაკის, ინვალიდობისა და მარჩენალის დაღუპვის შედეგად. 

გასულ წელს ასაკობრივი პენსია 500 რუბლამდე გაიზარდა. ”ეს ის რეალური შესაძლებლობებია, რაც დღეისათვის გვაქვს. პენსიის 200 რუბლიდან 500-მდე გაზრდას დამატებით 122 მილიონი რუბლი დასჭირდა”, - ამბობს პირველი ვიცე-პრემიერი. ასაკობრივი პენსია საცხოვრებელ მინიმუმზე ხუთჯერ ნაკლებია. ამ პენსიის 34 ათასი მიმღებიდან, 30 182 ადამიანი რუსულ პენსიას იღებს. ”ეს ადამიანები და მათ შორის, მეც, იმ ქვეყნისთვის ვმუშაობდით, რომელსაც საბჭოთა კავშირი ერქვა”, - დააზუსტა ვიცე-პრემიერმა. 

ლეონიდ ლაკერბაიამ აღნიშნა, რომ პენსიის მიმღებთა რაოდენობისა და დანიშვნის სისწორის დადგენაში თანდათანობით წესრიგი მყარდება. 2007 წელს პენსიონერთა ხელახალი რეგისტრაცია ჩატარდა, რომლის შედეგებით პენსიის უკანონოდ მიმღებთა თითქმის 10% გაიცხრილა. ”ამ მიმართულებით მუშაობას დღესაც ვაგრძელებთ. სამწუხაროდ, დარღვევები, როდესაც ადამიანები პენსიას უსაფუძვლოდ იღებენ, მაინც არსებობს. პირველ რიგში, საუბარია აფხაზეთის რესპუბლიკის საპენსიო ფონდიდან უკანონოდ მიღებული თანხების დაბრუნებაზე. თითქმის 40 მილიონი რუბლი რუსეთის საპენსიო ფონდს დაუბრუნდა”, - ამბობს ვიცე-პრემიერი. ასეთივე სამუშაოები აფხაზურ პენსიებთან დაკავშირებითაც მიმდინარეობს. ლეონიდ ლაკერბაიამ პენსიების უკანონოდ მიმღებებს მიმართა: ”მათ, ვისაც აფხაზურ პენსია აქვს, რუსული საზღვარგარეთის პასპორტები აიღეს და ახლა იღებენ რუსულ პენსიას აფხაზეთში და ამავე დროს უკრაინაშიც, სომხეთშიც, მოლდოვაშიც და ბელორუსიაშიც. დღეს, აფხაზეთის რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, ეს ინფორმაცია ყველასათვის ხელმისაწვდომია და შესაბამისად, დარღვევებიც ადვილი გამოსავლენია. ყველა პენსიონერს, ვინც პენსიას ასე იღებს, მივმართავ თხოვნით, სანამ დროა, თავად გამოცხადდნენ და უარი განაცხადონ აფხაზურ და რუსულ პენსიებზე, საწინააღმდეგო შემთხვევაში, ჩვენ  უკანონოდ აღებული თანხების სრულად დაბრუნებას საკანონმდებლო წესით მოვითხოვთ”, - თქვა პირველმა ვიცე-პრემიერმა.

ასეთი ფაქტები  აფხაზი ხალხის სამამულო ომის ინვალიდობის კატეგორიით პენსიის მიმღებთა შორისაც  არის. ლეონიდ ლაკერბაიამ დამსწრე  საზოგადოებას აცნობა, რომ ორი ფაქტი უკვე დადასტურებულია. პირებმა 100 ათას რუბლზე მეტი უნდა დააბრუნონ. ”ჩვენ საქმის ძიებას იმ სტრუქტურებშიც გავაგრძელებთ, რომელთაც ეს დანიშნულება დაამტკიცეს”, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა. 
აფხაზური პენსიის  ოდენობასთან დაკავშირებით ლეონიდ ლაკერბაია ადასტურებს, რომ 500 რუბლით ცხოვრება შეუძლებელია. ”მაგრამ ჩვენ არ გვყავს ხალხი, ვინც 500 რუბლზე ცხოვრობს”, - მიიჩნევს პირველი ვიცე-პრემიერი. აფხაზეთში 1,5 ათასი უქონელი მოქალაქეა, ვისაც რუსული პენსია არ აქვს, სამაგიეროდ, ისინი 450-დან 700 რუბლამდე ოდენობით დამატებით შემწეობას იღებენ. სხვათა შორის, ასეთი ადამიანების რიცხვი იზრდება. 

პირველი ვიცე-პრემიერის  ცნობით, 2010 წელს ხელფასების მატება მოსალოდნელი არ არის. მიუხედავად ამისა, იგეგმება აფხაზი ხალხის სამამულო ომის ინვალიდების, პერსონალური  პენსიონრების, დიდი სამამულო ომის ინვალიდებისა და მონაწილეების, აფხაზი ხალხის სამამულო ომის ორდენოსანი პენსიონრების პენსიის მატება და ”სასურველია, პენსიის მინიმალური ოდენობის ზრდაც”. 2010 წლის ამოცანებშია ასევე, ”აფხაზი ხალხის 1992-1993 წლების სამამულო ომის მონაწილეთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” და ”ხუთი ან მეტი შვილის დედების საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” კანონების მომზადება. ლეონიდ ლაკერბაიას თქმით, ჯერჯერობით, ომის მონაწილეთა სანდო მონაცემთა ბაზა არ არსებობს, თუმცა, მუშაობა ამ მიმართულებით მიმდინარეობს. ერთ-ერთ რაიონში სიებიდან დაახლოებით 20% გაიცხრილა. 

2010 წლის 1 იანვრიდან ძალაში შევიდა კანონი ”ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის კატასტროფის შედეგების ლიკვიდაციაში მონაწილე მოქალაქეთა სოციალური დაცვის კანონში” ცვლილებების შეტანის შესახებ”. პირველი ჯგუფის ინვალიდები 2500 რუბლის ნაცვლად, უკვე 3000 რუბლს მიიღებენ, ხოლო მარჩენალის დაკარგვის პენსია 700-დან 2500 რუბლამდე გაიზრდება. 

გარდა ამისა, პრეზიდენტმა  პარლამენტს კიდევ ორი კანონპროექტი მიაწოდა. მათი მიღების შემთხვევაში, 2010 წლის 1 მარტიდან აფხაზი ხალხის სამამულო ომის მონაწილეთა და ორდენებისა და მედლების კავალერთა პენსიების მატება დაიწყება. სავარაუდოდ, პირველი ჯგუფის ინვალიდები 4000 რუბლის ნაცვლად 5000 რუბლს მიიღებენ. მეორე ჯგუფის ინვალიდთა პენსია 2500 რუბლიდან 3500 რუბლამდე გაიზრდება, ხოლო მესამე ჯგუფის ინვალიდთა შემწეობა - 1500-დან 2500 რუბლამდე. ”აფხაზეთის გმირის” წოდების მქონეთა პენსია 3000 რუბლიდან 4000 რუბლამდე მოიმატებს და ა.შ. 

მეორე კანონი პერსონალურ პენსიონრებს  ეხება. მათთვის განსაზღვრული პენსიის ოდენობა 4000-დან 5000 რუბლამდე გაიზრდება. 

ლეონიდ ლაკერბაიამ განაცხადა, რომ 2010 წლის იანვარში გადახდილი საპენსიო თანხების ჯამმა 35 მილიონ რუბლს გადააჭარბა, რაც წინა წლის იგივე პერიოდის მონაცემზე 675%-ით მეტია. პირველმა ვიცე-პრემიერმა მსოფლიო სტატისტიკის მონაცემებიც მოიშველია. გაერო-ს კლასიფიკაციის თანახმად, თუ პენსიონერთა რიცხვი ქვეყნის მოსახლეობის მთლიანი ოდენობის 7%-ს აჭარბებს, ქვეყნის მოსახლეობა ახალგაზრდად აღარ მიიჩნევა. აფხაზეთში კი პენსიონრები 18-დან 23%-მდეა. ამასთან, მომუშავე პენსიონერთა რაოდენობა 2%-ს არ აჭარბებს. 

ლეონიდ ლაკერბაიას თქმით, პენსიების შემდგომი ზრდისთვის აუცილებელია ეკონომიკის, პირველ რიგში კი, წარმოების განვითარება. ”სხვა გზა არ არის და არც უნდა იყოს. ფისკალური მეთოდები ამოწურვის ზღვარზეა. უნდა ვეცადოთ, რომ 10 პენსიონერი 6-7 მომუშავეზე კი არა, 10 მომუშავე მოქალაქეზე მოდიოდეს. ამისათვის კი დამატებით 15 ათასი სამუშაო ადგილი გვჭირდება”.