სიმპათიკური ქვეყანა
იბრაჰიმ ჭკადუა, სოხუმი
ბევრ მაყურებელს სანახაობა იმდენად მოეწონა, რომ ისინი ტაშს ყოველგვარი ქვენა აზრების გარეშე უკრავენ და ახლა მხატვრული ტანმოვარჯიშის, გაწვრთნილი ცხოველებისა და მფრინავი მოტოციკლისტის ნომრებს ელიან. გარდა ამისა, უმაღლესი კომისია მოსკოვის ცირკიდან (თავს დავიზღვევ და კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ცირკისა და, განსაკუთრებით, მოსკოვიდან ჩამოსული ცსკ-ის არევა მიზანშეწონილი არ იქნება) სანახაობამ აღაფრთოვანა. იმას აღარ ჩავუღრმავდებით, რომ ტრიბუნებზე მყოფთა ნაწილი უკმაყოფილო დარჩა, რადგან ცირკში (ცსკ-ის მეტად აღარ შეგახსენებთ) მოხვდა, თუმცა, წესების მიხედვით შეჯიბრში უნდა მიეღო მონაწილეობა, თანაც არა მაყურებლის, არამედ მონაწილის სტატუსით. მომავალ ოლიმპიადასთან გეოგრაფიული სიახლოვეც რაღაც სპორტულად განაწყობდათ.
ასეთი მეტაფორული შესავლის შემდეგ, ვფიქრობ, უკვე თამამად შემიძლია ბანალურ პროზაზე გადასვლა. რა სიტუაცია გვაქვს 2009 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ? დადებითით დავიწყებ, შემდეგ, ტრადიციულად, ყველაფრის ჩირქის მოცხების ბრალდება რომ არ წამიყენონ.
კარგია, რომ ხელჩართულ ბრძოლას გადავრჩით - ხალხის მეხსიერებაში გასული არჩევნებიდან შემორჩენილი ჭრილობები ჯერ კიდევ პირმოუკვრელია. მით უფრო, რომ გასული ხუთი წლის განმავლობაში მათი მკურნალობისთვის თავი მაინცდამაინც არავის შეუწუხებია. წინასწარ გათვლა იმისა, რომ ტრაგედიის წინა პლანზე წამოწევა ფარსის დაბადებას გამოიწვევდა, სავსებით გამართლდა.
არჩევნების შემდეგ აშკარა გახდა, რომ ოპოზიცია უწინდელი კონფიგურაციით ვეღარ იარსებებს. ამ მომეტს დადებითად მივიჩნევ, რადგან მათი ილუზორული არსებობის პრაქტიკულობის ილუზია გაქრა. ამდენი დამარცხების შემდეგ ოპოზიციის ნიშა დისკომფორტულიც შეიძლება იყოს, მაგრამ მოახლოვებული საპარლამენტო არჩევნების თვალსაზრისით მაინც საკმაოდ პერსპექტიულია. თუ რასაკვირველია, შეჯიბრი გაიმართება და არა წარმოდგენა ცსკ-სა თუ ცირკში (ჩემი ქვეცნობიერი საბოლოოდ დაიბნა), ხოლო დამატებით სიებში მოარული ელექტორატი არჩევნების შედეგებზე ზეგავლენის მოხდენას ვეღარ მოახერხებს.
და კიდევ - ჩვენი დამოუკიდებელი და ოპოზიციური პრესით ძალიან ვამაყობ. ეს, ალბათ, ჩვენი საზოგადოების ერთადერთი სეგმენტია, რომელიც ჯერ კიდევ ცდილობს შავს შავი უწოდოს და არა გასვრილი თეთრი.
კიდევ ერთ არჩევნების შემდეგ გავრცელებულ ხმაზე უნდა ვილაპარაკო: მელანი, რომელიც ბიულეტენიდან გარკვეული დროის შემდეგ თითქოსდა ქრებოდა. უკვე მნიშვნელობაც აღარ აქვს, მართლა იყენებდნენ თუ არა სიმპათიკურ მელანს. სიურპრიზთა არჩევანი ამ არჩევნებზე იმდენად ფართო იყო, რომ სიმპათიკური მელანი ჩვენი დროის საუკეთესო მეტაფორად იქცა.
სიმპათიკური არჩევნები, სიმპათიკური ხელისუფლება, სიმპათიკური ხალხი და ქვეყანაც მთლიანობაში სიმპათიკური გამოდის... ზოგიერთ რუკაზე ის ჯერ კიდევ არის, თუმცა, დროთა განმავლობაში შეიძლება უკვალოდაც გაქრეს...