სტატიები
ნარკოეფექტი

ინალ ხაშიგი, სოხუმი 

ამ დამღუპველ  მოვლენასთან ბრძოლაში დადებითი შედეგების არარსებობას  იგივე სტატისტიკა ხსნის. გასულ წელს ნარკოტიკების არალეგალურ ბრუნვასთან დაკავშირებით აღძრულ სისხლის სამართლის საქმეთა 90%-ზე მეტში, ნივთიერ მტკიცებულებად ნარკოტიკის მცირე დოზა ფიგურირებდა. ანუ სამართალდამცავი ორგანოები, ფაქტობრივად, ნარკოტიკის მომხმარებლებს და არა გამავრცელებლებს აპატიმრებენ. ზოგჯერ, მრავალფეროვნებისთვის, დაკავებულთა შორის წვრილმანი დილერებიც ხვდებიან, ხოლო ნარკოტიკებით მსხვილ მოვაჭრეებს ანუ პრობლემის ძირითად წყაროს, მართლმსაჯულების მახვილი რატომღაც ერიდება.  

თავად ნარკომანთა თქმით, დღეს ნარკოტიკის მოპოვება, თუ ფული გაქვს, დიდ სირთულეს არ წარმოადგენს. ამასთან, სოხუმში ნარკოტიკის შესაძენად ქალაქის ცენტრიდან შორს წასვლაც კი არ არის საჭირო. უბრალოდ, უნდა მიმართო ნდობით აღჭურვილ პირს, რომელიც საჭირო დოზას ისეთ ადგილას იშოვის, რომელსაც სამართალდამცავები არასდროს აღმოაჩენენ. იგივე მეტადონი, რომლის მოხმარებასაც გასულ კვირას ამდენი ტრაგედია მოჰყვა, ერთ კონკრეტულ ადგილას იყიდებოდა.  

სამართალდამცავი ორგანოები, როგორც ჩანს, გაყიდვის ამ პუნქტების შესახებ სათანადოდ  ინფორმირებული არ არიან. თუმცა ექსპერტთა დიდი ნაწილი, მათ შორის, წყაროები გენერალური პროკურატურიდან, ”ინფორმაციის არქონას” სამხრეებიანი პირების მიერ ამ ბიზნესის წარმომადგენელთა უბრალო კურატორობად მიიჩნევენ.  

თავად ნარკომანებს  შორის უფრო უშუალო გამოთქმა არსებობს: ”წამალი” მილიციელებთან ”იღება”. ასევე, უნდა აღვნიშნოთ, რომ კანონმდებლობის გამკაცრებამ, კერძოდ იმ მომენტმა, რომ ნარკოტიკის ერთჯერადი დოზის გამო ადამიანი რვა წლით შეიძლება გისოსებს მიღმა აღმოჩნდეს, თუ ნარკომანიასთან ბრძოლაში განსაკუთრებული შედეგი არ მოიტანა, სამაგიეროდ, ქრთამის სიდიდეზე მოახდინა განმსაზღვრელი და საგრძნობი გავლენა.  

დეპუტატებს  კარგი საქმის გაკეთება უნდოდათ, მაგრამ სინამდვილეში ისე გამოვიდა, როგორც ყოველთვის. თუ ადრე ერთი დოზით დაჭერილ ნარკომანს თავის დასახსნელად სამიდან ხუთ ათას რუბლამდე თანხის გადახდა სჭირდებოდა, კანონმდებლობის გამკაცრების შემდეგ ”თავისუფლების ტარიფი” 150-დან 200 ათას რუბლამდე გაიზარდა.  

თუ გავითვალისწინებთ, რომ კორუფციასთან ბრძოლა აფხაზეთში მეტად იდუმალი  მოვლენაა, ნარკომანიასთან ბრძოლაზე ბიზნესის ”კეთება” განსაკუთრებით მომგებიანი და სავსებით უსაფრთხო გახდა. უსაფრთხოების საბჭოს მოწვევა და განგაშის ზარების შემოკვრა ყოველკვირეულად შეიძლება, მაგრამ სანამ თავად სამართალდამცავი ორგანოები არ იქნებიან ნარკობიზნესში ჩართული თანამშრომლებისგან დაცული, მანამ ნარკომანიასთან ბრძოლა კედლისთვის ფეტვის შეყრას ემგვანება.  

რასაკვირველია, შეიძლება გაზეთს ცილისწამებისთვის სასამართლოში უჩივლონ და ჟურნალისტი სისხლის სამართლის პასუხისგებაშიც მისცენ, შეიძლება პათოსით აღსავსე მონოლოგით ყველას მუნდირის ღირსების შესახებ შეახსენონ და ა.შ., მაგრამ ამით ქვეყანაში ნარკოტიკების ბრუნვის რეალური სურათი არ შეიცვლება, მეტადონისა და ნარკოტიკის სხვა სახეობებისგან დაღუპულთა შესახებ ცნობებიც ომის დროინდელ ცნობებს ემსგავსება და ეს ყველაფერი მანამ გაგრძელდება, სანამ ჭუჭყი თავად ნარკომანიასთან მებრძოლთა ხელებს არ მოსცილდება.