სტატიები
2009 წლის თორმეტი გაელვება

 

ინალ ხაშიგი, სოხუმი

წლის მოვლენა - საპრეზიდენტო არჩევნები

საპრეზიდენტო  არჩევნების საბოლოო შედეგებთან, რომელთა მიხედვითაც სახელმწიფოს მოქმედმა მეთაურმა სერგეი ბაგაფშმა გამარჯვება პირველივე ტურში მოიპოვა, ამა თუ იმ პოლიტიკური ძალის დამოკიდებულების მიუხედავად, ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობისათვის გასული წლის უმნიშვნელოვანეს მოვლენად სწორედ არჩევნები იქცა. 2004 წლის არჩევნების შემდეგ განვითარებული დრამატული მოვლენები ყველას კარგად ახსოვდა და აქედან გამომდინარე, ექსპერტთა დიდი ნაწილი შიშობდა, რომ დაძაბულობა ქვეყანას არც ახლა ასცდებოდა. ღვთის წყალობით, მათი პროგნოზი არ გამართლდა. და თუმცა არჩევნების შედეგები ოპოზიციისთვის, რომელთა ნაწილიც, კერძოდ, რაულ ხაჯიმბას მომხრეები, არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევდნენ, მისაღები ნამდვილად არ იყო, პროტესტი აქტიური ფორმით არავის გამოუხატავს. თავად კენჭისყრის პროცესის უმთავრეს მიღწევად სწორედ არჩევნების ასეთი მშვიდი ხასიათი იქცა. 
 

წლის კრიზისი - ცვლილებები მოქალაქეობის შესახებ კანონში

პარლამენტის ერთ სხდომაზე სამი მოსმენით მიღებული ცვლილებები მოქალაქეობის შესახებ კანონში, რომელთა მიხედვითაც, გალის რაიონის ფაქტობრივად ყველა მცხოვრები უპირობოდ აფხაზეთის მოქალაქედ იქნა აღიარებული, გასული წლის ყველაზე მსხვილი პოლიტიკური კრიზისის დეტონატორად იქცა. მიღებული გადაწყვეტილებით უკიდურესად უკმაყოფილო ოპოზიციამ სოხუმის ფილარმონიის შენობასთან მიტინგი გამართა, შემდეგ კი საპროტესტო აქციამ პარლამენტის კედლებთან გადაინაცვლა. ოპოზიციონერთა მცირერიცხოვანმა გუნდმა სახალხო კრების შენობის შიგნით შეღწევაც მოახერხა და ცვლილებებისთვის მიცემული დადებითი ხმების მეპატრონეებთან სიტყვიერი შეტაკება გამართა, რომელიც კინაღამ უფრო სერიოზულ დაპირისპირებაში გადაიზარდა. საბოლოოდ, ოპოზიციის მხრიდან ზეწოლის შედეგად, პარლამენტმა მიღებული გადაწყვეტილება მეორე დღესვე გააუქმა.
 

წლის აღიარება - ნაურუ

პატარა კუნძულოვანმა სახელმწიფომ, რომლის მთლიანი  ფართობი სულ რაღაც 21 კვადრატული კილომეტრია, მოსახლეობა კი - 14 ათასი ადამიანი, ”რუკაზე  აფხაზეთი აღმოაჩინა” და მეოთხე გახდა იმ სახელმწიფოთა რიგში, რომელთაც აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარეს. 

აფხაზთა უმრავლესობამ ნაურუს არსებობის შესახებ, ალბათ მხოლოდ მას შემდეგ გაიგო, რაც დეკემბრის შუაში აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი შამბამ და მისმა ნაურუელმა კოლეგამ კირიენ კეკემ, რომელიც იმავდროულად, ვაჭრობისა და ფინანსთა მინისტრიცაა, აფხაზეთის პრეზიდენტის სერგეი შამბას თანდასწრებით, აფხაზეთისა და ნაურუს რესპუბლიკებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი. არ არის გამორიცხული, რომ წყნარი ოკეანის დასავლეთ ნაწილში მიკარგული ამ პატარა ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობამაც აფხაზეთის შესახებ მის აღიარებამდე არაფერი იცოდა. ამის მიუხედავად, ნაცნობობის დამყარება ორივე მხარისთვის საკმაოდ ნაყოფიერი გადმოდგა. აფხაზეთმა თავის აქტივს კიდევ ერთი სახელმწიფო მიუმატა, რომელიც მის დამოუკიდებლობას აღიარებს. რაც უნდა ირონიულად უყურებდნენ ნაურუს ეგზოტიკურობას, ეს ქვეყანა, საერთაშორისო სამართლის თვალსაზრისით, ისეთივე სუვერენული სახელმწიფოა, როგორც რუსეთი ან აშშ, ამასთან ის გაერო-ს წევრიცაა. თავად ნაურუ კი, თუ მსოფლიო მასმედიის გავრცელებულ ინფორმაციას დავუჯერებთ, მოსკოვისგან 50 მილიონი დოლარის ოდენობით ეკონომიკურ დახმარებას მიიღებს. 

რასაკვირველია, ცოტა საჩოთიროა, როცა აღიარებას  ფულად ეკვივალენტში გამოხატული ფასი აქვს, მაგრამ რეალისტები უნდა ვიყოთ - თანამედროვე  მსოფლიო მეტისმეტად პრაგმატულია  საიმისოდ, რომ სენტიმენტების გამო რაიმე გააკეთოს. ”გამარჯობის” გულისათვის თითსაც არავინ გაარყევს. სამწუხაროდ, როგორი დემოკრატიული სახელმწიფოც უნდა ააშენონ აფხაზეთში, ეს ასპექტი მისი სამომავლო აღიარების საქმეში გადამწყვეტ როლს ვერასდროს შეასრულებს. საბოლოო ჯამში, ყველაფერი საგარეო კონიუნქტურაზე იქნება დამოკიდებული. პირველ ადგილზე ყოველთვის, უხეშად რომ ვთქვათ, ფულად-სასაქონლო ურთიერთობები დარჩება. 

ასეთივე სიტუაციაა  კოსოვოს აღიარებასთან დაკავშირებითაც. თუ აფხაზეთის სახელმწიფოებრივი აღიარების დონორის როლს მოსკოვი ასრულებს, პრიშტინას ”ჩეკებს” ამერიკის მთავრობა ან მისდამი მეგობრულად განწყობილი ევროკავშირი ”ანაღდებს”. ქვეყნების რაოდენობა (დღეისათვის სამოცზე მეტი), რომელთაც კოსოვოს დამოუკიდებლობა უკვე აღიარეს, სულაც არ არის აფხაზეთთან შედარებით კოსოვოელების სამშობლოს დამოუკიდებლობის უფრო მაღალი დონის მაჩვენებელი, არამედ უბრალოდ იმ ფაქტის კონსტატაციაა, რომ ვაშინგტონისა და ბრიუსელის ჯიბეები, მოსკოვის საფულესთან შედარებით, დროის მოცემულ პერიოდში გაცილებით სქელია. 

ზოგს რუსეთი ეხმარება, ზოგიერთს კი - აშშ. რასაკვირველია, ცინიკური მიდგომა, რომ ასეთი ვაჭრობის საგანი ვართ, მაინცდამაინც არ გვახარებს, თუმცა, ამ სიტუაციას ალბათ უბრალოდ უნდა შევეგუოთ. 
 

წლის გადადგომა - ხაჯიმბა და ლაკობა

გასულ წელს დაკავებული თანამდებობიდან გადადგომის ყველაზე ხმაურიანი ფაქტები  ვიცე-პრეზიდენტის რაულ ხაჯიმბასა და უსაფრთხოების საბჭოს მდივნის სტანისლავ ლაკობას მიერ თანამდებობების სამი თვის შუალედით დატოვება გახდა. 

ხელისუფლებაში მყოფმა მთავარმა ოპოზიციონერმა  ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობიდან წასვლით საბოლოოდ დაუსვა წერტილი ბოლო ხუთწლედის ”ქორწინებას სიყვარულის გარეშე”. საზღვარგარეთული მასმედიის მიერ მომხდარის სენსაციურობის საბურველით შემოსვის მცდელობის მიუხედავად, რაულ ხაჯიმბას გადადგომის ფაქტში მოულოდნელი არაფერი ყოფილა. პირიქით, მის გადადგომას უკვე დიდი ხანია ელოდნენ და რეალურად, ეს გაცილებით ადრეც უნდა მომხდარიყო. 

რაულ ხაჯიმბამ საკუთარ თავს ხელისუფლებაში  ოპოზიციის არაოფიციალური წარმომადგენლის როლი თავიდანვე მიანიჭა და მთელი ოთხი წლისა და ოთხი თვის განმავლობაში, ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობაზე ყოფნისას, შესაშური პედანტურობით ახერხებდა, რომ მისი მისიის ჭეშმარიტებაში ეჭვი არავის შეჰპარვოდა. მართალია, იგი ხალხს თვალში ხშირად არ ხვდებოდა, რისთვისაც, დროთა განმავლობაში, თავისივე მომხრეებისგან ”დიადი მდუმარის” წოდება დაიმსახურა, ამის მიუხედავად, როდესაც მაინც ჩნდებოდა სახალხოდ, მის შეხედულებათა მკვეთრი ოპოზიციურობა პოლიტიკურ ცბიერებაში გაურკვეველი ადამიანისთვისაც კი აშკარა იყო. ზოგჯერ დანარჩენ ხელისუფლებასთან ურთიერთობაში არსებული კონტრასტი იმდენად მკვეთრი ხდებოდა, რომ მოქმედების ერთადერთ გონივრულ გაგრძელებად თითქოსდა თავად ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობიდან ნებაყოფლობითი გადადგომა რჩებოდა. თუმცა ყოველი ასეთი შემთხვევისას, მაგალითად, როგორც 2007 წლის მარტში, როდესაც ვიცე-პრეზიდენტმა სახალხო კრების არჩევნების შეფასებისას ის ძალიან უხეში დარღვევებით ჩატარებულად მიიჩნია, რაც, რასაკვირველია, დანარჩენი ხელისუფლების მოსაზრებას ეწინააღმდეგებოდა, ხაჯიმბამ მოსალოდნელი შემდგომი ნაბიჯის გადადგმისგან, კერძოდ, კარის ხმამაღალი გაჯახუნებით გადადგომის განცხადების გაკეთებისგან თავი შეიკავა. გვერდიდან ეს საკმაოდ უცნაურად გამოიყურებოდა. პოლიტიკური პერსპექტივების თვალსაზრისითაც, იმ ხელისუფლებაში ყოფნის ყოველი ზედმეტი დღე, რომლის ქმედებებსაც კატეგორიულად არ ეთანხმებოდა, ხაჯიმბასთვის დამატებით მინუსს ნიშნავდა. შესაძლოა, სწორედ მისი დაგვიანებული გადადგომა აისახა უარყოფითად საპრეზიდენტო არჩევნების დროს ოპოზიციის კონსოლიდაციის სამომავლო პერსპექტივებზე და თავად კენჭისყრის შედეგებზეც, რომელთა მიხედვითაც რაულ ხაჯიმბამ ხმების 15%-ზე მეტის დაგროვება ვერ შეძლო. 

რაულ ხაჯიმბასგან  განსხვავებით, უსაფრთხოების საბჭოს მდივნის სტანისლავ  ლაკობას თანამდებობიდან გადადგომა არც ისეთი მოსალოდნელი ფაქტი იყო, თანაც, იგი ყოველგვარი ზედმეტი ფუსფუსისა და ხმამაღალი განცხადებების გარეშე წავიდა. 18 აგვისტოს დილას უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა, გაზეთ ”ჩეგემსკაია პრავდას” მორიგი ნომრის (სადაც დაიბეჭდა ინტერვიუ ლაკობასთან, რომელშიც უსაფრთხოების საბჭოს მდივანი საკმაოდ კორექტულად და მშვიდად გამოხატავდა თავის უთანხმოებას ქვეყნის ხელისუფლების ქმედებასთან, მოქალაქეობის კანონში გალის რაიონის მოსახლეობასთან დაკავშირებით შეტანილი ცვლილებების თაობაზე) გამოსვლასთან ერთად, პრეზიდენტის ადმინისტრაციის სამდივნოს თანამდებობიდან გადადგომის წერილობითი თხოვნა გადასცა. ამის შემდეგ, თავის ”მერსედესის” მარკის, მრავალ ჭირგამოვლილ, 17 წლის ავტომობილში (რომლითაც ხუთი წლის წინ ხელისუფლებაში მოვიდა) წიგნები ჩაალაგა და უსაფრთხოების საბჭოს უკვე ყოფილმა მდივანმა ქვეყნის იმჟამინდელ ხელისუფლებასთან ურთიერთობას საბოლოოდ დაუსვა წერტილი. 

ბუნებრივია, სტანისლავ  ლაკობას მსგავსი ცნობილი  ფიგურის თანამდებობიდან წასვლა შეუმჩნეველი არ დარჩენილა. საპრეზიდენტო არჩევნების წინ ექსპერტთა ნაწილი მისი თანამდებობიდან გადადგომის ფაქტს არჩევნებში ამა თუ იმ სტატუსით მონაწილეობის გეგმებს უკავშირებდა. რაულ ხაჯიმბა არჩევნებში მასთან ერთად მონაწილეობაზე ლაკობას დაყოლიებას ბოლო მომენტამდე ცდილობდა. თუმცა ეს პროგნოზები და იმედები არ გამართლდა. სტანისლავ ლაკობამ წინასაარჩევნო მარულისგან თავი შორს დაიჭირა და როგორც  ჩანს, ეს ადრევე მიღებული გადაწყვეტილება იყო. 
 

წლის წასვლა - გაეროს-ს მისია საქართველოში 

რუსეთის მიერ აფხაზეთის დამოუკიდებლობის  აღიარების შემდეგ ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ზონაში გაერო-ს  მისიის ახალი მანდატის შემუშავების  ირგვლივ გამართული დისკუსია დაპირისპირებულ მხარეთათვის ყველაზე პრინციპულ საკითხზე - მისიის სახელწოდებაზე ”გაიჭედა”. აფხაზების პოზიცია, რომელსაც მოსკოვი უჭერდა მხარს, იმაში მდგომარეობდა, რომ ოფიციალურ სოხუმს მისიის ადრინდელი - საქართველოსთან დაკავშირებული სახელწოდება არ აწყობდა, საქართველოსთვის კი, რომელსაც ამერიკელები და ევროპელები ემხრობოდნენ, პირიქით, ახალი რეალობის კონტექსტშიც კი, მისიის უწინდელი სახელწოდების გარდა ყველა სხვა სახელი მიუღებელი იყო. საერთო ენის მოძებნის უშედეგო მცდელობის შედეგად, კონფლიქტის ზონაში მუშაობის 15 წელიწადზე მეტხნიანი გამოცდილების მქონე მისია იძულებული გახდა აფხაზეთის ტერიტორიაზე საქმიანობა შეეწყვიტა. 
 

წლის ვიზიტი - პუტინის სტუმრობა აფხაზეთში 

რუსეთის ხელისუფლების მეთაურის სოხუმში სტუმრობა პატარა აფხაზეთისთვის თავისთავად ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა, თუმცა, პუტინის სტუმრობა ბევრს მისი არაორდინალური საქციელით - აფხაზურ ოპოზიციასთან შეხვედრით დაამახსოვრდა. ეს ამერიკელთა წესია, თუნდაც ძალიან მეგობრულ ქვეყანაში, როგორიც აშშ-ისთვის, მაგალითად, საქართველოა, ”უმაღლეს დონეზე” სტუმრობისას არა მხოლოდ ქვეყნის ხელმძღვანელობასთან, არამედ ადგილობრივ ოპოზიციასთან შეხვედრაც. რუსეთს ასეთი ტრადიცია არასდროს ჰქონია. რასაკვირველია, რუსეთის მთავრობის წარმომადგენლები ოპოზიციის ლიდერებს ხვდებოდნენ ხოლმე (ძირითადად, ისეთ ქვეყნებში, რომლებთანაც მოსკოვს რთული ურთიერთობა აქვს), მაგრამ ეს ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში არასდროს კეთდებოდა. კრემლი ოპოზიციასთან შეხვედრას სხვა დროსა და სხვა ადგილას ამჯობინებდა, სადმე, რუსულ ტერიტორიაზე და ამ შეხვედრების აფიშირებაც არ იყო ხოლმე აუცილებელი. ის, რაც 12 აგვისტოს აფხაზეთში პუტინის პირველი ოფიციალური ვიზიტის დროს მოხდა, ალბათ, ისტორიაში შევა. რუსეთის მთავრობის ხელმძღვანელი რუსეთისადმი ძალზე მეგობრულად განწყობილ ქვეყანაში, როგორიც აფხაზეთია, ერთდღიანი ვიზიტისას, საპრეზიდენტო არჩევნების წინა პერიოდში, არა მხოლოდ პრეზიდენტ სერგეი ბაგაფშს, არამედ ოპოზიციასაც - რაულ ხაჯიმბასა და მის მომხრეებს შეხვდა, თანაც ისე, რომ პრეზიდენტის სასახლიდან არც გამოსულა. პუტინი ამ ქმედებით, ფაქტობრივად, აფხაზეთის შიდაპოლიტიკური სტაბილურობის გარანტად გამოვიდა. იმ მომენტში მოსკოვისათვის აფხაზეთის ხელისუფლების სათავეში მოსული პირის ვინაობა არა უკანასკნელი, თუმცა, არც უმთავრესი საკითხი იყო. კრემლისათვის უმნიშვნელოვანესი არჩევნების ექსცესების გარეშე დასრულება გახლდათ, რაც, საბოლოოდ, ასეც მოხდა. 
 

წლის სკანდალური პროექტი - აფხაზეთის რკინიგზის  გადაცემა რუსეთის რკინიგზისათვის

გასული წლის მაისის დასაწყისში პრეზიდენტ  ბაგაფშის გაკეთებულმა განცხადებამ  აფხაზეთის რკინიგზის მართვის  რუსეთის რკინიგზისთვის 10 წლის ვადით გადაცემის შესახებ  საზოგადოებაში მწვავე პროტესტი გამოიწვია. პრაქტიკულად ყველა ოპოზიციური ორგანიზაციის ლიდერმა პრეზიდენტის ეს ინიციატივა მკაცრად გააკრიტიკა. პროტესტი არა იმდენად თავად რკინიგზის გადაცემის ფაქტმა, არამედ გარიგების პირობებმა და გადაწყვეტილების მიღების მექანიზმმა გამოიწვია. აფხაზეთი თავის რკინიგზას 10 წლით, ყოველგვარი არენდის გარეშე გადასცემს რუსეთის რკინიგზას, ამასთან ერთად, პრეზიდენტი სერგეი ბაგაფში რუსეთის რკინიგზისთვის ითხოვს კრედიტს 2 მილიარდი რუბლის ოდენობით რკინიგზის რემონტის მიზნით, რომელსაც საბოლოოდ, ქვეყნის მეთაურის თქმით, ბიზნესი გადაიხდის. აფხაზეთის ხელმძღვანელობა ამ გარიგებას ქვეყნისთვის ძალზე მომგებიანად მიიჩნევს, რუსული მასმედია კი, თავის მხრივ, აფხაზური ოპოზიციის აზრს იზიარებს და აცხადებს, რომ გარიგების პარამეტრები სავსებით შეესაბამება კოლონიალურ სქემას. 

პროექტის საზოგადოებრივი აღქმა პრეზიდენტისთვის  იმდენად მიუღებელი აღმოჩნდა, რომ ქვეყნის პარლამენტისთვის გაკეთებულ ყოველწლიურ მიმართვაში, სარკინიგზო გარიგების პირობების ახსნისას საკმაოდ არადიპლომატიურ გზას მიმართა და განაცხადა: ”ქვისშუბლიანებისთვის კიდევ ერთხელ განვმარტავ”. 

წლის ტენდენცია - ანტონ კრივენიუკის სასამართლო

ჟურნალისტი  ანტონ კრივენიუკი ვერც იფიქრებდა, რომ მისი სტატია აფხაზეთის რკინიგზის რუსეთის რკინიგზისათვის გადაცემის თემაზე: ”დიდი აფხაზური აფიორა: რკინიგზა - კრედიტი - ღორღი”, რომელიც რუსულ ინტერნეტ-გამოცემა ”სეგოდნია.რუ”-ზე გამოქვეყნდა, მისთვის ასეთი სავალალო შედეგების მომტანი იქნებოდა - ჟურნალისტს თავად პრეზიდენტი სერგეი ბაგაფში აუმხედრდა. სასამართლოს მიერ ჟურნალისტისთვის სამ წლიანი პირობითი სასჯელის გამოტანამ კიდევ ერთხელ გახადა აშკარა, არა მხოლოდ სახელმწიფოს სამართალდამცავი სისტემის სამართლებრივი ქმედუნარიანობის დაბალი დონე, არამედ ქვეყანაში სიტყვის თავისუფლების ამჟამინდელი მდგომარეობაც. შეიძლება, საგამოძიებო მასალებსაც და თავად სტატიის ავტორსაც სხვადასხვაგვარად მიუდგე, მაგრამ როდესაც ქვეყანაში, სადაც დამოუკიდებლობის ამდენი წლის განმავლობაში გისოსებს მიღმა ერთი კორუმპირებული ჩინოსანიც არ მოხვედრილა, ჟურნალისტს ”ურჩევენ საქმეებს”, ეს ბევრ რაიმეზე მეტყველებს. 
 

წლის ჩემპიონი - დენის ცარგუში

გუდაუთის ჭიდაობის სკოლის აღზრდილმა დენის  ცარგუშმა მსოფლიო ჩემპიონატის  ფინალურ ბრძოლაში ევროპის  მოქმედი ჩემპიონი და პეკინის  ოლიმპიადის ვერცხლის პრიზიორი, აზერბაიჯანელი ჩამსულვარ ჩამსულვარაევი უპირობოდ დაამარცხა და ჩემპიონატის ოქრო მოიპოვა. ამ დღეს შორეული დანიის ქალაქ ჰერნინგში თავისუფალი ჭიდაობის ახალი ვარსკვლავი ამობრწყინდა და იგი წარმოშობით აფხაზეთიდანაა. 

ჭიდაობის აფხაზური სკოლის მოპოვებული ყველაზე დიდი წარმატება, დენის ცარგუშის გამარჯვებამდე, მეოთხედი საუკუნის წინ ევროპის ჩემპიონატზე რაშემ ხუტაბას მოგებული ”ოქრო” იყო. მას შემდეგ, განსაკუთრებული იმედი, რომ რომელიმე აფხაზი სპორტსმენი ხუტაბას შედეგს გაიმეორებდა, არავის ჰქონია. ასეთი განწყობა იყო 2007 წლამდე, როდესაც 20 წლის დენის ცარგუშმა ყველაზე რთულად მიჩნეულ - 74 კგ-მდე წონით კატეგორიაში რუსეთის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.  და მაშინ სპეციალისტებმა ახალგაზრდა გუდაუთელი ერთხმად აღიარეს ამომავალ ვარსკვლავად. მსოფლიო ჩემპიონატში გამარჯვების შემდეგ ცარგუშმა იმედები სავსებით გაამართლა და იმდენადაც, რომ მას უკვე სამგზის ოლიმპიური ჩემპიონის, ცნობილი ბუვაისარ საიტიევის მემკვიდრეს უწოდებენ. 
 

წლის უთანხმოება - ოპოზიციის არაკონსოლიდირებულობა

დღეს, პოსტ ფაქტუმ, ბევრი ექსპერტი ასკვნის, რომ სერგეი ბაგაფშის გამარჯვება საპრეზიდენტო არჩევნების პირველივე ტურში ოპოზიციის გათიშულობამ გამოიწვია. ამ უკანასკნელმა შიდა დაპირისპირებებისა და ამბიციების გადალახვა და არჩევნებზე ერთიანი კანდიდატით წარდგომა ვერ მოახერხა. საერთო ენა ვერ გამონახეს არათუ ორმა ოპოზიციურმა პარტიამ ”ერამ” და ”აფხაზეთის სახალხო ერთიანობის ფორუმმა”, არამედ როგორც საბოლოოდ გაირკვა,  პრეზიდენტობის კანდიდატის ვინაობაზე ერთიანი მოსაზრება თავად ფორუმის შიგნითაც ვერ ჩამოყალიბდა. შედეგად ბესლან ბუტბა, რაულ ხაჯიმბა და ზაურ არძინბა ცალ-ცალკე გავიდნენ არჩევნებზე და თავიანთი ქმედების მოტივად მოქმედი პრეზიდენტისათვის ხმების მაქსიმალური ოდენობის წართმევა დაასახელეს. თუმცა ტაქტიკა კონტრპროდუქტიული აღმოჩნდა. ოპოზიციური ძალები გაითიშნენ და ხელისუფლებასთან რეალური შეჯიბრის ნაცვლად შიდაომებით იყვნენ დაკავებული. 
 

წლის აღდგენითი  პროექტი - ფილარმონია

სოხუმის ფილარმონიის  შენობის თანამედროვე სტანდარტების შესაფერისად გარემონტება წლის ერთ-ერთ ყველაზე პოზიტიურ მოვლენად იქცა. ბოლოს და ბოლოს, დედაქალაქში გაჩნდა საკონცერტო დარბაზი, რომელშიც მაყურებლებიც და არტისტებიც მოხერხებულად იგრძნობენ თავს. ფილარმონიის შენობის ხარისხიანობის დასტური მის სცენაზე გამართული მსოფლიო კლასიკური მუსიკის ვარსკვლავების კონცერტებია - სოხუმის სცენას ცნობილი ორკერსტრი ”მოსკოვის ვირტუოზები” ვლადიმერ სპივაკოვის ხელმძღვანელობით და საოპერო მომღერლები ხიბლი გერზმავა და ლიუბოვ კაზარნოვსკი ეწვივნენ. 
 

წლის ტრაგიკული მოვლენა - ზაკან ჯუღელიას მკვლელობა

შინაგან საქმეთა  მინისტრის პირველი მოადგილე ზაკან ჯუღელია 26 იანვარს  მოკლეს, როდესაც იგი სოხუმის  კაფე ”კიკის” ვერანდაზე  მეგობრებთან ერთად ისვენებდა. თვითმხილველთა თქმით, კომუფლაჟში ჩაცმული მკვლელი ვერანდის აივანს მიუახლოვდა, მისკენ ზურგით მჯდომ ჯუღელიას ორჯერ ესროლა, შემდეგ კი მშვიდი ნაბიჯით გავიდა მშვიდობის პროსპექტზე და ქალაქის ცენტრის მიმართულებით მიიმალა. 

ცნობილია, რომ  გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე ზაკან ჯუღელიამ ინტერნეტის მეშვეობით გამოგზავნილი მოკლე ტექსტური შეტყობინებები მიიღო, რომელშიც ანგარიშის გასწორებით ემუქრებოდნენ. საგამოძიებო ორგანოებმა ამ შეტყობინების გამომგზავნის და მინისტრის პირველი მოადგილის მკვლელის ვინაობის დადგენა დღემდე ვერ მოახერხეს. 
 

წლის სირცხვილი - წინასაარჩევნო ეთერი  აფხაზეთის სახელმწიფო ტელე-რადიო  კომპანიის ეკრანებზე

აფხაზეთის სახელმწიფო ტელე-რადიო კომპანიის არხზე პრეზიდენტობის კანდიდატთა პირდაპირი ეთერის მოსმენის შემდეგ, ნორმალურ ადამიანს, ზიზღის შეგრძნების მეტი, არაფერი დაეუფლებოდა. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ამ ეთერების მთავარ გმირად ანონიმი აქცია, რომელმაც გულიანად დასცინა როგორც ცალკეულ კანდიდატებს, ისე თავად მორალს. აფსუარას შესახებ საერთოდ სიტყვის თქმაც არ მინდა. ასეთი ანონიმური ”მორალი” შვიდი ათეული წლის განმავლობაში სიცოცხლედ და არეულ ცხოვრებად დაუჯდა აფხაზეთის ასსრ-ის ათობით ათას მოქალაქეს, რომლებზეც მათივე მეზობლები, მეგობრები და ნათესავები ანონიმური გააფთრებით წერდნენ.