პირველი ქართული კავკასიური არხი
გიორგი ფუტკარაძე, თბილისი
მომხდარის გამო ქართულმა მხარემ, როემლიც არხის გათიშვაში რუსულ კვალს ხედავს, სარჩელი პარიზის სასამართლოში შეიტანა.
ფრანგული სატელიტური კომპანია “ეუტელსატი” კი ამტკიცებს, რომ ,,პირველი კავკასიურისსათვის” მაუწყებლობა არ შეუწყვეტია. როგორც კომპანიაში განმარტავენ, არხს ჯერ მხოლოდ საცდელი ვადით გადასცემდნენ და ტრანსლირების დაწყებაც და დასრულებაც წინასწარ შეთანხმებულ დროში მოხდა. მხოლოდ ამის შემდეგ უნდა გაფორმებულიყო კონტრაქტი მაუწყებლობის თაობაზე.
,,ვფიქრობთ, რომ არ არსებობს არანაირი მიზეზი, ხელი არ მოვაწეროთ კონტრაქტს ,,პირველი კავკასიურთან” , _ უთხრა სააგენტო ,,ფრანს პრესს” უეტელსეტის სპიკერმა ვანესა ოკონერმა. მისივე თქმით, არხის მაუწყებლობა მაშინვე აღსდგება, როგორც კი კონტრაქტს მოეწერება ხელი. ამასთან, ,,პირველ კავკასიურს“ სხვა ორი ალტერნატიული სიხშირეც შესთავაზა.
ქართული მხარე კი მიიჩნევს, რომ მომხდარში ,,კრემლის ხელი ურევია“, რადგან ,,დაბლიუ 7“-ის სიხშირის სატელიტში წილს, რომელიც აღმოსავლეთ ევროპასა და აფრიკის ქვეყნებში მაუწყებლობს, რუსული გაზის გიგანტი ,,გაზპრომი“ ფლობს.
ამას ვანესა ოკონერიც ადასტურებს და ამბობს, რომ ახლა აღმოსავლეთ ევროპის სიხშირის უმეტეს ნაწილს სწორედ ,,გაზპრომი“ ფლობს.
,,პირველი კავკასიური“ კი მანამდე ნოვოსიბირსკიდან ლონდონამდე მაუწყებლობდა. თუმცა ამჟამად მისი ყურება მხოლოდ ინტერნეტშია შესაძლებელი. ქართული მხარე დროს არ კარგავს და როგორც არხის მთავარი პროდიუსერი ზურაბ დვალი ამბობს, ალტერნატიული გზების ძიებას განაგრძობს.
,,პირველი კავკასიური“, რომელიც საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ბაზაზე შეიქმნა, მიზნად ისახავს, რომ პოსტსაბჭოთა სივრცეში მცხოვრები მაყურებელს (სამიზნე აუდიტორია - დაახლოებით, 400 მლნ) საქართველოში, კავკასიასა და ზოგადად მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების შესახებ ობიექტური ინფორმაცია მიაწოდოს“, - დასძენს პროდიუსერი..
,,პირველი კავკასიურის“ სახეები ცნობილი რუსი ჟურნალისტი ოლეგ პანფილოვი და ჩეჩნეთის პრეზიდენტის ჯოხარ დუდაევის ქვრივი ალა დუდაევა არიან. არხთან თანამშრომლობის სურვილი რადიო ,,თავისუფლების“ რუსულმა ბიურომ და ცენტრალურმა ქართულმა ტელევიზიებმაც გამოთქვეს.
შემეცნებითი გადაცემები, სერიალები, კინოდოკუმენტალისტიკა და რაც მთავარია დღეში ოთხჯერ საინფორმაციო გამოშვება ,,პირველი კავკასიურის“ პროგრამული ბადის ძირითადი ნაწილია.
როგორც არხის მთავარი პროდიუსერი ზურაბ დვალი ამბობს, ,,პირველი კავკასიურის“ მთავარი მესიჯი კეთილმეზობლური ურთიერთოებბია.
,,ანტირუსული არხის მსგავსი არაფერი იქმნება, ასეთი ამოცანა არ გვაქვს. ეს არხი იქადაგებს მშვიდობას კავკასიის რეგიონში“ - აცხადებს დვალი.
ოლეგ პანფილოვი კი განმარტავს, რომ მისი მიზანია წარმოაჩინოს ისეთი საქართველო, როგორიც სინამდვილეშია და ებრძოლოს რუსულ პროპაგანდას.
,,შევეცდები მაყურებელს მოვუთხრო იმ ურთიერთობებზე, რომელიც საქართველოშია დამკვიდრებული“ - ამბობს პანფილოვი.
,,პირველი კავკასიური“ ამჟამად გარდა ინტერნეტისა, საქართველოს დედაქალაქში საკაბელო ქსელითაც ვრცელდება. არხმა მაუწყებლობა პირველი იანვრიდან დაიწყო და მას გახსნა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმაც მიულოცა, რომელმაც კმაყოფილება გამოხატა „მძლავრი" ტელევიზიის ამუშავებით.
პრეზიდენტის თქმით, „პირველი კავკასიური" ყოფილ სოციალისტურ ბანაკსა და პოსტსაბჭოთა ქვეყნებთან ურთიერთობის საშუალებას წარმოადგენს და მას ხელს ვერ შეუშლის „ხელოვნური ბარიერები, ჩაკეტილი საკონტროლო-გამშვები პუნქტები" და სხვა გარემოებები.
თუმცა, ტელევიზიას საქართველოშიც გამოუჩნდნენ კრიტიკოსები, რომელთა აზრით, „პირველი კავკასიური" საქართველოს ხელისუფლების ხელში იქნება რუსეთის ფედერაციის მოსახლეობაზე გათვლილი პროპაგანდისტული იარაღი, რაც ხელს არ შეუწყობს საქართველო-რუსეთის ურთიერთობების დარეგულირებას.
ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი, პარტია ,,საქართველოს გზის“ ლიდერი სალომე ზურაბიშვილი ,,პირველი კავკასიურის" გახსნას ,,აშკარა საფრთხის შემქმნელად" აფასებს.
,,ეს რუსეთის პროვოცირებას ნიშნავს საკუთარ ტერიტორიაზე და ისეთივე უპასუხისმგებლო ქმედებაა, როგორც საქართველოს მთავრობის ყველა განცხადება/დეკლარაცია“, - ამბობს ზურაბიშვილი, რომლის აზრითაც, ეს ახალი ,,ჯვაროსნული კამპანია“ რუსეთს საშუალებას მისცემს ნებისმიერი აგრესია თუ რეპრესია ლეგიტიმური ფორმით, ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის სახელით აწარმოოს.
განსხვავებულია რადიო ,,,თავისუფლების“ ჟურნალისტის, მედიაექსპერტ ია ანთაძის შეფასება: ,,რუსეთის საინფორმაციო მანქანა მეტისმეტად პროპაგანდისტულია, კარგი იქნება საქართველოს სახელმწიფო და, მათ შორის, საზოგადოებრივი ტელევიზია თუ შეეცდებიან, რეალური ინფორმაცია დაუპირისპირონ პროპაგანდას“.
,,,მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ თავად საზოგადოებრივი მაუწყებელიც პროპაგანდისტული მანქანის ნაწილად მიმაჩნია, არ ვიცი, რა შეიძლება იყოს საბოლოოდ პირველი კავკასიურის მაუწყებლობის შედეგი“, - დასძენს ანთაძე.