სტატიები
გთხოვთ, ნუ ინერვიულებთ

ანაიდ გოგორიანი

რესპუბლიკის საზოგადოებრივ პალატაში შავი ზღვის აფხაზეთის სანაპირო შელფზე რუსული კომპანია ”როსნეფტის” მიერ ნავთობის მოპოვების საკითხი მოისმინეს. 

გასული წლის დეკემბერში რუსულ კომპანია ”როსნეფტსა” და აფხაზეთის  მთავრობას შორის ნავთობის მოპოვების თემაზე ხელშეკრულება დაიდო. ამრიგად, მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში ”როსნეფტი” აფხაზური ნავთობის საბადოების დაზვერვით იქნება დაკავებული. ხელშეკრულების თანახმად, ”როსნეფტი”, შვილობილი კომპანია შპს ”რნ - აფხაზეთის შელფის” მეშვეობით, გუდაუთის ტერიტორიაზე, შავი ზღვის ფსკერის წიაღში ნახშირწყალბადის ნედლეულის საბადოების ძებნასა და შეფასებას აწარმოებს. ამ მოვლენამ პრესასა და საზოგადოებაში ცხარე პოლემიკა გამოიწვია. 

საზოგადოებრივი  პალატის მდივანმა ნათელა აქაბამ შეხვედრის გახსნისთანავე  აღნიშნა, რომ დისკუსიის  დროს მიღებული რეკომენდაციები სახელმწიფოს უმაღლეს ინსტანციებს გაეგზავნება. ნავთობის პროექტზე დეტალურად ისაუბრა აფხაზეთის ეკოლოგიური სამსახურის ხელმძღვანელმა რომან დბარმა. მან დააზუსტა, რომ ხელშეკრულება მხოლოდ სანაპირო შელფზე ნავთობის საბადოების დაზვერვას შეეხება. დბარის თქმით, ამ პროექტს ”დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენი საზოგადოებისათვის, განსაკუთრებით, რკინიგზის, აეროპორტისა და საზღვაო პორტის ამოქმედების პერსპექტივის გათვალისწინებით, რომელთაც ხარისხიანი საწვავის მიწოდება ესაჭიროებათ”. 

დბარის თქმით, გასული საუკუნის 40-იანი წლებიდან აფხაზეთის ხმელეთზე მიმდინარე კვლევებმა ისეთი ვერაფერი აღმოაჩინა, რაც კომერციული ინტერესის ობიექტი გახდებოდა. ამჟამად საუბარია სანაპირო შელფის გუდაუთის მონაკვეთის დაზვერვაზე, რომელსაც ”როსნეფტი” ყველაზე პერსპექტიულ რაიონად მიიჩნევს. საქმე ისაა, რომ აფხაზეთში დაბალი სანაპირო ყველაზე ფართო სწორედ გუდაუთის მონაკვეთზეა. 

”დღეისათვის შავი ზღვის სანაპირო შელფებზე ნახშირწყალბადის ნედლეულის ძიების სფეროში საკმაოდ აქტიური მუშაობა მიმდინარეობს. ამ პროცესში შავი ზღვის აუზის თითქმის ყველა ქვეყანაა ჩართული. ესაა რუსეთი, უკრაინა, რუმინეთი, ბულგარეთი, თურქეთი და რასაკვირველია, საქართველო. არსებობს მოსაზრება, რომ ნავთობი ყველგან ფორმირდებოდა, თუმცა, ყველგან არ შენახულა. რაც შეეხება აფხაზეთს, აქაც ნორმალური საძიებო სამუშაოები ჩატარდება. მსოფლიოში არ არის ქვეყანა, რომელსაც არ ენდომება იცოდეს, რა იმალება მის წიაღისეულში”, - ამბობს რომან დბარი. აფხაზეთში ნავთობის აღმოჩენის ალბათობა 14%-ია. ეკოლოგმა დააზუსტა, რომ სალიცენზიო ხელშეკრულება უახლოესი წლების განმავლობაში სეისმოდაზვერვის ჩატარებასაც უზრუნველყოფს. 

დბარის თქმით, აფხაზეთისთვის ნავთობის მოპოვება ეკონომიკურად მიზანშეწონილი იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ”შავი ოქრო” კერჩენის სრუტესა და სოჭს შორის არსებულ მონაკვეთზე აღმოჩნდება. სპეციალისტთა შეფასებით, ამ რაიონში ნახშირწყალბადის ნედლეულის ყველაზე დიდი მარაგი შეიძლება აღმოჩნდეს, ამასთან, აფხაზეთის სანაპირო შელფი დიდი აუზის მხოლოდ განაპირა ნაწილია. საძიებო სამუშაოების ჩატარების აუცილებელი პირობა სრული ეკოლოგიური უსაფრთხოებაა. ანუ ძიების დაწყებამდე შავი ზღვის მთელი ცოცხალი ეკოსისტემის ეკოლოგიური კვლევა ჩატარდება. ამისათვის ”როსნეფტი” რუსეთის კვლევითი დაწესებულებების მიერ სამუშაოების ჩატარებაზე ტენდერს აცხადებს. ამ სამუშაოში მონაწილეობის მიღება აფხაზეთის სამეცნიერო უწყებებსაც შეუძლიათ.

რესპუბლიკის მთავარმა ექსპერტმა ხაზი გაუსვა, რომ დამოუკიდებლად იმისა, ნავთობს აღმოაჩენენ თუ ვერა, ეკოლოგიური კვლევა მაინც ჩატარდება. 

ნავთობის სადაზვერვო სამუშაოების მიმდინარეობის  გამო აფხაზეთის მოქალაქეების შეშფოთებასთან დაკავშირებით, დბარი მიიჩნევს, რომ ეს მიდგომა არაკორექტულად გამოიყურება, რადგან საუბარი ხომ მხოლოდ დაზვერვაზეა და არა მოპოვებაზე. აკვატორია, რომელსაც ხელშეკრულება მოიცავს, 3,8 კვ/კმ-ია. ის სოფელ პრიმორსკოეს რაიონში იწყება და ბიჭვინთის კონცხის მიდამოებში სრულდება, მათ შორის კი ზღვის სიღრმეში 70 კმ-ზეა გადაჭიმული. ყველაზე პერსპექტიული მონაკვეთები აფხაზეთის ტერიტორიული წყლების ფარგლებს გარეთ მდებარეობს. 

რომან დბარმა განაცხადა, რომ საძიებო  სამუშაოები სანაპიროდან 30-40 კმ-ის მანძილზე იწარმოებს. საბურღი სამუშაოები ”უნარჩენო წარმოების” პირობებში ჩაივლის. ანუ ნარჩენებს უტილიზაციისათვის რესპუბლიკის საზღვრებს გარეთ სპეციალური კონტეინერებით გაიტანენ. ექსპერტმა მსმენელები დაარწმუნა, რომ ძიების ეკოლოგიური უსაფრთხოების გარანტიები მაღალია. 

ეკონომიკური სამსახურის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ აფხაზეთში ნავთობის მარაგების ოდენობის განსაზღვრისა და მათი გამოყენების შესაძლებლობის გადაწყვეტილებას არაუადრეს 2017-2020 წლებამდე მიიღებენ. ”ჩვენ შორეულ პერსპექტივებზე ვსაუბრობთ. მათი რეალიზების შემთხვევაში ნავთობის მოპოვება პიკს 2030 წელს მიაღწევს. აფხაზეთში ნავთობის მოპოვების გადაწყვეტილებას, თუ მას ჩვენს ტერიტორიაზე საერთოდ იპოვიან, პოლიტიკოსთა მომდევნო თაობა მიიღებს. შესაძლოა, ამ დარბაზში მსხდომმა ახალგაზრდა ჟურნალისტებმა თავის დროს ამაზე დაწერონ კიდეც”, - თქვა რომან დბარმა.

ეკოლოგმა გამოსვლა არა ეკოლოგიაზე, არამედ პროექტის გეოპოლიტიკურ და ეკონომიკურ მნიშვნელობაზე საუბრით დაასრულა. თუ აფხაზეთის სანაპირო შელფში ნავთობის უზარმაზარი მარაგები მართლაც არის, ეს ”გარე სამყაროში ჩვენს პოზიციებს საგრძნობლად გაამყარებს და ჩვენს სახელმწიფოს განსაკუთრებული ეკონომიკური პერსპექტივების დაგეგმვის საშუალებას მისცემს”. 

გეოლოგიის, გეოდეზიისა და კარტოგრაფიის სამმართველოს ხელმძღვანელი პეტრე კაზანბა  დარწმუნებულია, რომ დიდი ხანია დროა გაიგონ, არის თუ არა აფხაზეთში ნავთობი. მისი თქმით, რესპუბლიკის  ტერიტორიაზე ნავთობის რაოდენობასთან დაკავშირებით ორი მოსაზრება არსებობს. ერთის მომხრენი ამტკიცებენ, რომ აფხაზეთში 30-70 მლნ ტონაა, ხოლო დანარჩენი ფიქრობს, რომ 200 მლნ ტონაზე მეტი. ”ამოცანა დროულია და სწორადაა დასმული. აუცილებელია ყველა პირობის შესრულება, რათა სამუშაოები გრაფიკის მიხედვით ჩატარდეს”, - მიიჩნევს იგი. პეტრე კაზანბა ამბობს, რომ ორგანიზაციის ”რნ - აფხაზეთის შელფი” წარმომადგენლებთან კონტაქტი უკვე დამყარებულია. ”როსნეფტი” იმისათვის არ იწყებს მუშაობას, რომ პეტრე შუქრის ძე ან ვინმე სხვა გამდიდრდეს. ყველაფერი ჩვენმა ხელმძღვანელობამ, სპეციალისტებმა უნდა აკონტროლონ. 100%-ით ვარ დარწმუნებული, რომ ეს უსაფრთხო საწარმო იქნება. სამუშაოების ჩატარება აუცილებელია”, - აღნიშნა ჩინოსანმა. 

შპს ”რნ - აფხაზეთის  შელფის” გენერალური დირექტორი  ვადიმ ივანცოვი პროექტის ეკონომიკურ ასპექტებს შეეხო. ”დღეისათვის ჩვენი ამოცანაა, განვსაზღვროთ, არის აქ ნავთობი თუ არა. ”როსნეფტს” ამისათვის 6 მლრდ რუბლის დახარჯვა დასჭირდება. ხოლო იმის დადგენას, ეს მარაგები სამრეწველოა თუ არა, კიდევ 4 მლრდ დაიხარჯება. შეიძლება ისეც მოხდეს, რომ ნავთობი აღმოვაჩინოთ, მაგრამ მისი მოპოვება წამგებიანი გამოდგეს, ანუ რეალიზაციამ მოპოვების ხარჯიც ვერ აანაზღაუროს. მე ამ სამუშაოების რეალურ ფასზე ვსაუბრობ. ”როსნეფტი” მისი გადახდისათვის მზადაა”, - განაცხადა მან. ვადიმ ივანცოვმა დაამატა, რომ ნავთობის მოპოვებისთვის რენტაბელური მარაგების აღმოჩენის შემთხვევაში, რესპუბლიკის ბიუჯეტი ”როსნეფტის” მოგებაზე 10-11-ჯერ მეტ შემოსავალს მიიღებს. გარდა ამისა, კომპანია საძიებო სამუშაოების წარუმატებლად დასრულებითაც რისკავს. ამ შემთხვევაში ძიებისა და დაზვერვისთვის დახარჯული მთელი თანხა სუფთა ზარალი იქნება. დაზვერვითი სამუშაოების მიმდინარეობისასაც კი, აფხაზეთის ბიუჯეტი სამუშაოების მწარმოებლებისგან გადასახადის სახით მნიშვნელოვან თანხებს მიიღებს. 2010 წლის პროგრამის სრულად რეალიზების შემთხვევაში, აფხაზეთის ბიუჯეტში, მხოლოდ დღგ-ის სახით, 60-100 მლნ რუბლი შევა. მოგების გადასახადზე კი აღარაფერს ვიტყვი”, - აღნიშნა მან. 

”რნ - აფხაზეთის  შელფის” გენერალური დირექტორის თქმით, კომპანიისთვის პროექტის მიზანი სამრეწველო ნახშირწყალბადის მარაგის შევსებაა. ამრიგად, აფხაზეთში ”როსნეფტის” საქმიანობის ეკონომიკური მოდელი კომერციულად გამართლებულია და ის ეკოლოგიური უსაფრთხოების თანამედროვე ნორმების გათვალისწინებით განხორციელდება. 

რუსული კომპანიის  წარმომადგენელმა საზოგადოებრივი პალატის წევრები დაარწმუნა, რომ კომპანია ეკოლოგიასა და გარემოს დაცვასთან დაკავშირებული  საკითხების გამჭირვალობაში თავადაც დაინტერესებულია. ”ჩვენ მზად ვართ რესპუბლიკის სახელმწიფო ეკოლოგიურ სამსახურს ინფორმაცია ნებისმიერ დროს მივაწოდოთ”, - ხაზი გაუსვა მან. რომან დბარმა კი დააზუსტა, რომ სალიცენზიო ხელშეკრულება ეკოლოგიური ინფორმაციის სანდო გაცვლას გულისხმობს. ტენდერში გამარჯვებული ორგანიზაციები ეკოლოგიურ სამსახურთან ითანამშრომლებენ. დბარის თქმით, ხარჯების კომპენსაციაზე არც ერთ დოკუმენტში არაა საუბარი, ეს მთლიანად კომპანია ”როსნეფტის” რისკია. რაც შეეხება ნავთობის მოპოვების ნებართვის საკითხს, წიაღისეულთან დაკავშირებული კანონმდებლობის თანახმად, სამრეწველო მარაგების აღმოჩენის შემთხვევაში მათი მოპოვების პრიორიტეტულობა დაზვერვის მწარმოებელ ორგანიზაციას ეძლევა. ”სახელმწიფომ მხოლოდ სალიცენზიო ხელშეკრულებას მოაწერა ხელი. მოპოვების ლიცენზიაზე ჯერ საუბარი არ მიმდინარეობს. ეს მომდევნო ნაბიჯია”, - თქვა მან. 

საზოგადოებრივი  პალატის წევრი იულია გუმბა მიიჩნევს, რომ პროექტის რეალიზაციიდან რესპუბლიკის ეკონომიკური მოგების დამუშავება აფხაზ ეკონომისტებსაც შეუძლიათ. პალატის კიდევ ერთი წევრი ალეკო გვარამია ”ამ პროექტში კრიმინალურს ვერაფერს ხედავს”. იგი ფიქრობს, რომ საკუთარი ბუნებრივი რესურსების მონაცემთა ბანკი ნებისმიერ სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს. გვარამიამ აღნიშნა, რომ ბულგარეთში, მიუხედავად იმისა, რომ ამ ქვეყანაში ბევრი კურორტია, მსგავსი საძიებო სამუშაოები მაინც ტარდება. ”როდესაც ზუსტი ინფორმაცია არ არსებობს, სხვადასხვა მოსაზრებების გამოთქმაც სწორედ მაშინ იწყება”, - აღნიშნა მან. 

საზოგადოებრივი  პალატის მდივანმა ნათელა აქაბამ სხდომის დასრულებისას ხაზგასმით აღნიშნა, რომ გამჭვირვალობა ბევრ პრობლემას მოაგვარებს. საზოგადოებრივი პალატა მოამზადებს დასკვნას რეკომენდაციებითურთ, რომელსაც შესაბამის ადრესატებს გადასცემენ. ”ზოგიერთი ჩინოსნის მხრიდან დაკისრებული დავალების ბოლომდე შეუსრულებლობის, გასაიდუმლოების, დახურულობის ფაქტები თავიდანვე იყო. შეიძლება, ამის საფუძველიც არსებობს, თუმცა, გამჭვირვალედ მუშაობა ყოველთვის უკეთესია. ამ საკითხის სერიოზულობა ყველას ესმის. ჩვენ ვიცით, რომ ნავთობი - სახელმწიფოს განვითარების სტრატეგიაა და თავის მოტყუება, თითქოს ეს არ გვაინტერესებს და მხოლოდ კურორტები გვეყოფა, შორსმჭვრეტელური ნაბიჯი არ იქნება. ვფიქრობ, ეკონომიკური განვითარების ალტერნატიული გზების სერიოზულად განხილვა აუცილებელია. ჩემი აზრით, მხოლოდ საკურორტო სფეროთი დაკმაყოფილება ჩვენი შვილებისა და შვილიშვილებისათვის უამრავი შესაძლებლობის გარეშე დატოვებას ნიშნავს”, - მიიჩნევს ნათელა აქაბა.