თამაზ ქეცბა: ”თუ ჩვენი საზოგადოება სახელმწიფოს არ გააკონტროლებს, არაფერი გამოგვივა”
ანაიდ გოგორიანი, სოხუმი
თებერვლის დასაწყისში გაზეთ ”მოსკოვსკი კომსომოლეცში” დაიბეჭდა ჟურნალისტ მარინა პერევოზკინას სტატია ”აფხაზეთმა დამოუკიდებლობა მოიპოვა... რუსეთის ფედერაციისგან”, რომელსაც საზოგადოება დაუყოვნებლივ გამოეხმაურა. ამ პუბლიკაციის გაცნობის შემდეგ ცნობილმა ადვოკატმა თამაზ ქეცბამ საბინაო კონფლიქტის სიღრმეში ”ჩაიხედა” და ეს ”მოსკოვსკი კომსომოლეცის” სტატიით დაიწყო. მან დააზუტა, რომ პუბლიკაცია სამი ისტორიისგან შედგება. პირველი გახმაურებული ისტორია, რომელიც წელს ”10 წლის” გახდება, დიუკარევის საქმეა. ადვოკატმა განაცხადა, რომ 2006 წელს უმაღლესმა სასამართლო ინსტანციამ - უზენაესი სასამართლოს პლენუმმა ამ საქმეზე საბოლოო განჩინება გამოიტანა, თუმცა, სასამართლოს გადაწყვეტილება სისრულეში დღემდე არ არის მოყვანილი.
თამაზ ქეცბამ აღნიშნა, რომ მარინა პერევოზკინა აფხაზეთში ”გარკვეული ინფორმაციით დატვირთული” ჩამოვიდა. ”სტატიაში მოყვანილია სხვადასხვა ციფრები, მათ შორის, ჩემს საქმიანობასთან დაკავშირებითაც. რუსეთის საელჩოში ციფრი: ოთხი ათასი საქმე არ დასახელებულა, ეს ფრაზა ერთ-ერთმა დაზარალებულმა წარმოთქვა, ისიც არა აფხაზეთში რუსეთის საელჩოში, არამედ საგარეო საქმეთა სამინისტროში. იგი ამბობს, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროში მიღებაზე დასწრებისას უთხრეს, რომ საჩივრები ბევრია, დაახლოებით, ოთხი ათასი. თუნდაც რეალური მონაცემი ამ ციფრის ნახევარი იყოს, ეს მაინც მეტისმეტია. ეს ხალხი ინსტანციიდან ინსტანციაში სიარულს კვლავ გააგრძელებს, რადგან მათი დიდი ნაწილი საცხოვრებელი ფართის დაკარგვას ესე იოლად არ შეეგუება”, - ამბობს იურისტი. მისი თქმით, ზოგიერთ დაზარალებულს აქვს პასუხი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროდან, სადაც წერია, რომ აფხაზურ მხარეს ნოტა გაეგზავნა. ერთ-ერთი ასეთი დოკუმენტი ქეცბამ ინტერნეტში ნახა.
ადვოკატი ხაზს უსვამს, რომ თითოეულ ”საბინაო საქმეს” ინდივიდუალიზაცია სჭირდება, რადგან ყოველი მათგანი თავისებურია. ამის გამო, მსგავს საქმეთა განზოგადება არ ღირს. თამაზ ქეცბამ დააზუსტა, რომ მას არაერთხელ შეხვედრია საქმე, რომლის ორივე მხარე ”არც მთლად სამართლებრივ მეთოდებს იყენებდა და კანონს არღვევდა”.
იურისტი მიიჩნევს, რომ ჟურნალისტის მიერ სტატიაში გაკეთებული აქცენტები მეტისმეტად მკვეთრია. სამართალდამცველმა დაადასტურა, რომ აფხაზეთში ”საბინაო საკითხი” მართლაც არსებობს. უფრო მეტიც, მან სინანულით შენიშნა, რომ საქმეები კი არ გვარდება, არამედ გროვდება. ხელისუფლება, თავის მხრივ, ამ პრობლემის მოსაგვარებლად აუცილებელ ღონისძიებებს არ ახორციელებს. ”ომის შემდგომ მიღებული კანონები და კანონქვემდებარე აქტები სასურველ შედეგს არ იძლევა, რაც ჩვენი საერთო პრობლემაა და ამ საკითხში ხელისუფლების სისუსტეზე მეტყველებს, ანუ მთავრობა აღნიშნულ საკითხს სათანადოდ ვერ აკონტროლებს. პრობლემა კი თანდათანობით ღრმავდება”, - ამბობს თამაზ ქეცბა.
საკითხის ეთნიკურ მხარესთან დაკავშირებით ადვოკატი ფიქრობს, რომ პრობლემის იმ კონტექსტში განხილვა, როგორც მარინა პერევოზკინამ გააკეთა, მთლად კორექტული არ არის. ქეცბა მიიჩნევს, რომ აფხაზეთში სახელმწიფოს სახელით რუსულენოვანი მოსახლეობის განდევნისკენ მიმართული პოლიტიკა არ ტარდება. ამასთან, იგი ადასტურებს, რომ ხელისუფლება მიმდინარე პროცესში არ ერევა, რესპუბლიკაში არ არსებობს რუსულენოვანი მოსახლეობის დაცვის პოლიტიკა, რომელიც ამჟამად ”სუსტ” მხარეზე აღმოჩნდა. ქეცბას თქმით, ზოგადი იურისდიქციის სასამართლოებში, საარბიტრაჟო და სამხედრო სასამართლოების გარდა, საქმეთა დაახლოებით 70% საბინაო საკითხებს ეხება. ადვოკატი ამბობს, რომ ამაში ბრალი სხვადასხვა სტრუქტურებს - საბინაო მმართველობას, სახლმმართველობასა და სასამართლოებს მიუძღვის. ”როგორც წესი, სასამართლოს საქმის გამოსწორება შეუძლია, თუ ისე იმუშავებს, როგორც კანონში წერია და საქმის გარემოებებში დეტალურად გაერკვევა. სამწუხაროდ, ზოგიერთ საქმეს ძალიან ზედაპირულად განიხილავენ”, - ასკვნის ადვოკატი.
მისი თქმით, ”საბინაო საკითხი” დღის წესრიგში ომის დასრულებისთანავე დადგა. პრობლემა კანონის შესრულებაში მდგომარეობს. მიღებულია სამოქალაქო კოდექსი, კერძოდ, მუხლი: ”შეძენის ხანდაზმულობა”. თამაზ ქეცბა ამბობს, რომ სახლმმართველობების მიერ სასამართლოსთვის წარდგენილი აქტები ”ბინადრობის შესახებ” სინამდვილეს, რომ ამა თუ იმ სახლში ადამიანები 20 წელზე მეტია აღარ ცხოვრობენ, ხშირად არ შეესაბამება. ”რეალურად ირკვევა, რომ ეს ასე არ არის. უბრალოდ, სიტუაციას სასურველ კალაპოტში აქცევენ”, - განმარტავს სამართალდამცველი. მას დღეისათვის დაახლოებით 30 მიმდინარე ”საბინაო საქმე” აქვს. ”ვერ ვიტყვი, რომ ეს საქმეები მხოლოდ რუსებს, რუსულენოვან მოსახლეობას ეხება. ჩვენთან სხვადასხვა ეროვნების ხალხი მოდის, მათ შორის, აფხაზებიც, თუმცა, მსგავსი პრობლემებით, შესაძლოა, უფრო იშვიათად”, - ამბობს თამაზ ქეცბა.
ადვოკატმა გვიამბო, როგორ ხდება სახლის უკანონო სქემით გაფორმება. ”ვთქვათ, არის სახლი, საიდანაც ადამიანი არა 10-15 წლის წინ, ომის დროს წავიდა, არამედ ორი-სამი წლის წინ გაემგზავრა. სახლი ცარიელია და სახლმმართველობა ყველაფერს ”ბინადრობის შესახებ” აქტის შედგენით იწყებს. სახლმმართველობის თანამშრომლები დანიშნულების ადგილზე რამდენჯერმე უნდა მივიდნენ და შეადგინონ აქტი, რომ სახლი საშინელ, გამოუსადეგად მდგომარეობაშია. იკითხებიან მეზობლები, მოწმეები, რომლებიც ადასტურებენ, რომ სახლში უკვე 15 წელია არავინ ცხოვრობს. აი, ამით იწყება უკანონო სქემის განხორციელება. შემდეგ ეს დოკუმენტები, სხვა დანარჩენთან ერთად, სასამართლოში მიდის, რომელიც გადაწყვეტილებას, რომ სახლს პატრონი არ ჰყავს, გადამოწმების გარეშე იღებს. ან ადამიანი ბინაში 2-3 წლის წინ ჩასახლდა, მაგრამ დოკუმენტებს აფორმებს, თითქოს იგი აქ ომის შემდეგ 17 წლის განმავლობაში ცხოვრობს. ამ ჩვენებას არგებენ აქტებს, მოწმეთა ჩვენებებს და სასამართლოსაც შესაბამისი განჩინება გამოაქვს”, - განმარტავს ქეცბა.
ადვოკატის თქმით, 2009 წელს მსგავს საქმეთა რაოდენობა სოხუმის საქალაქო სასამართლოში დაახლოებით 500 იყო, საშუალო ციფრი კი 250-300-ია. ”ეს უზარმაზარი ციფრია”, - ამბობს ქეცბა. მოსამართლეთა პროფესიონალიზმთან დაკავშირებით კი იურისტი აღნიშნავს, რომ კანონში მექანიზმი ჩადებულია, თუმცა, ის სათანადოდ ვერ მუშაობს. არსებობს მოსამართლეთა საკვალიფიკაციო კოლეგია, რომელიც ვალდებულია მოსამართლეთა პიროვნებისა და მისი მიღებული გადაწყვეტილების შესახებ გაკეთებული განცხადებები განიხილოს. იურისტი აღიარებს, რომ არ გაუგია, ჩვენს რესპუბლიკაში ვინმე ცრუმოწმეობის გამო გადაეცათ პასუხისგებაში. ”თუ ჩვენი საზოგადოება სახელმწიფოს არ გააკონტროლებს, არაფერი გამოგვივა”, - ამბობს თამაზ ქეცბა.
ადვოკატმა გამოთქვა სურვილი, რომ ჩვენს მოსახლეობას, ნაციონალური განსხვავების მიუხედავად, აფხაზური ხელისუფლება იცავდეს, ადვოკატებმა აფხაზური საზოგადოების სასიკეთოდ იმუშაონ, მოქმედებდეს კვალიფიცირებული აფხაზური კანონები და ჩვენს პრობლემებს სხვისი მოგვარება არ სჭირდებოდეს. თამაზ ქეცბას აზრით, ნებისმიერი საკითხის გადაწყვეტა მისი განხილვით უნდა დაიწყოს.