სტატიები
აფხაზეთის ორი პრინცი

ინალ ხაშიგი, სოხუმი

13 თებერვალს,  ინაუგურაციის მეორე დღესვე  პრეზიდენტმა, კანონის სრული  შესაბამისობით, ალექსანდრე  ანქვაბის კაბინეტი დაითხოვა  და ახალი მთავრობის ფორმირება  ახლა უკვე ყოფილ საგარეო  საქმეთა მინისტრს სერგეი  შამბას მიანდო. მთავრობის ”წარმავალი” შემადგენლობისთვის პრეზიდენტის ნათქვამიდან თუ ვიმსჯელებთ, რომ ალექსანდრე ანქვაბმა ”ისე მაღლა ასწია პრემიერ-მინისტრობის დონე, რომ მასთან გათანაბრება იოლი არ იქნება”, ლოგიკურად, მინისტრთა კაბინეტის მეთაურის სავარძელი სასურველი იქნებოდა დაეკავებინა არა სერგეი შამბას, რომელსაც ”სამეურნეო” გამოცდილება თითქმის არ გააჩნია, არამედ თავად ალექსანდრე ანქვაბის რეკომენდებულ პირს, რათა ”კარგ წამოწყებებში” მემკვიდრეობითობა შენარჩუნებული ყოფილიყო.

ყველაზე შესაფერისი ფიგურა ამ კონტექსტში პირველი ვიცე-პრემიერი, ალექსანდრე ანქვაბის ერთგული თანამებრძოლი ლეონიდ ლაკერბაია იყო. თუმცა ყოფილი პრემიერისა და ახლანდელი ვიცე-პრეზიდენტისთვის მისაღები იქნებოდა მთავრობის ფორმირება ძველი კაბინეტის ნებისმიერი წევრისთვის მიენდოთ, მხოლოდ არა სერგეი შამბასთვის, რადგან ამ შემთხვევაში, მთავრობის ახალი მეთაური, მისი ვინაობის მიუხედავად, ”ტექნიკურ პრემიერად”, ანუ ალექსანდრე ანქვაბის გავლენის ზონაში დარჩებოდა. თუნდაც ამ ”ტექნიკურ პრემიერს” ანქვაბისადმი დადებითი ”ემოციები” არ ჰქონოდა, მაინც იძულებული გახდებოდა, მისთვის უმაღლეს დონეზე გაეწია ანგარიში. ალექსანდრე ანქვაბს ხომ, ძალთა ასეთი გადანაწილების შემთხვევაში და ბაგაფშის პრეზიდენტობის ბოლო ვადის გათვალისწინებით, სახელმწიფოს მეთაურის პოსტზე მისი არაოფიციალური მემკვიდრის სტატუსი ექნებოდა. 

ასე რომ, სრულიად  ნათელია, საგარეო უწყების ხელმძღვანელის პიროვნება ანქვაბისთვის მისაღები ხალხის სიაში რატომაც არ ხვდება. სერგეი შამბა (თავად ანქვაბის გარდა) ერთადერთი ადამიანია ხელისუფლებაში, რომელსაც 2015 წელს პრეზიდენტის სავარძლის დაკავების სერიოზული ამბიცია აქვს. პრემიერ-მინისტრი შამბა კი ვიცე-პრეზიდენტ ანქვაბისთვის, პრეზიდენტობისკენ მიმავალ გზაზე, უკვე რეალური კონკურენტია. 

პრეზიდენტმა მთავრობის  მეთაურად შამბას დანიშვნით ანქვაბის პოზიციებს სერიოზული დარტყმა მიაყენა. ეს სულაც არ ნიშნავს, რომ სერგეი ბაგაფშს მემკვიდრის ვინაობა უკვე განსაზღვრული აქვს (სავარაუდოდ, ამ საქმეს პრეზიდენტი ბოლო მომენტამდე გააჭიანურებს და შესაძლებელია, მისი ვინაობა დროზე ადრე არც გაამჟღავნოს), თუმცა, სრულიად ნათელია, რომ მთავრობის სამომავლო საქმიანობაზე ანქვაბის გავლენა მინიმიზებული იქნება. შესაძლოა, პრეზიდენტის ქმედება ნაკარნახებია, ერთი მხრივ, სურვილით, რომ ”ყველა კვერცხი ერთ ბუდეში არ ჩაიდოს”, მეორე მხრივ კი, მას სურს ანგარიში გაუწიოს პროპრეზიდენტული პარტიის ”ედინაია აბხაზიას” აქტივის არაოფიციალურ პოზიციას, რომლის მიხედვითაც მომდევნო საპრეზიდენტო არჩევნებზე ფსონები უკვე შამბაზე იდება. 
სერგეი ბაგაფშს  თავად ჯერ კიდევ არ გადაუწყვეტია, ვის აირჩევს მემკვიდრედ, მაგრამ ხელისუფლების დერეფნებში მოარული კულუარული ხმებიდან გამომდინარე, ”უზენაესთა” პოლიტიკური გადაწყვეტილებაა - აბჟუის აფხაზეთის ჩამომავლის ათწლიანი მმართველობის შემდეგ სახელმწიფოს მეთაურის პოსტი ბზიფის აფხაზეთის წარმომადგენელმა დაიკავოს. მოხდება ე.წ. რეგიონული როტაცია, რაც გასული საუკუნის 50-იანი წლების შემდეგ ნელ-ნელა დაუწერელ ტრადიციად იქცა. ამ ძირითად კრიტერიუმს ალექსანდრე ანქვაბიც და სერგეი შამბაც სავსებით აკმაყოფილებენ, ახლა იმის გარკვევაღა დარჩა, რომელ მათგანს ამჯობინებენ. 

რა მოტივიც  უნდა ჰქონდეს ბაგაფშს, როდესაც  მთავრობის ფორმირებას სერგეი შამბას ანდობს, იგი მაინც  სერიოზულად რისკავს, რომ ხელისუფლების შიგნით ”შეჯიბრის” პროცესი უკონტროლო გახდება. მით უფრო, რომ ასეთი პრეცედენტები აფხაზური სახელმწიფოებრიობის უახლეს ისტორიაშიც (ვლადისლავ არძინბას მმართველობის გვიან პერიოდში) იყო. სიმპტომები, რომ დაპირისპირება სახუმარო არ იქნება, უკვე სახეზეა. ანქვაბმა საკმაოდ გრძელი და ეკლიანი გზა გაიარა საიმისოდ, რომ თითქმის ფინიშზე მისული უბრძოლველად წავიდეს დათმობაზე. ”პრეზიდენტის გარკვეულ დავალებათა” შესრულება, რასაც მისი ამჟამინდელი თანამდებობა გულისხმობს, სულაც არ არის საბოლოო მიზანი, რისთვისაც იგი ოდესღაც დიდი სირთულეების გადალახვის შედეგად მოვიდა ხელისუფლებაში. ანქვაბი მებრძოლი ნატურაა და მისი დამარცხება იოლი არ იქნება. 

ამჟამინდელი ვიცე-პრეზიდენტის  მომავალი კონკურენტი სერგეი შამბა კი, ერთი შეხედვით, ანქვაბივით ბრძოლისუნარიანი არ არის, მაგრამ მას აშკარა კოზირი უჭირავს ხელში - ესაა თავის უმტკივნეულოდ დაღწევის უნარი ყოველგვარი შიდაპოლიტიკური დაპირისპირებიდან, რისი პრეცედენტებიც მის პოლიტიკურ კარიერაში საკმაოდ ბევრი იყო. ყველა ვერ შეძლებდა ცამეტი წლის განმავლობაში (მცირე, ოთხთვიანი შესვენებით) ყოფილიყო იმ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელსაც მოუგვარებელი საგარეო კონფლიქტი აქვს. 

ხუთი წლის წინანდელ საპრეზიდენტო არჩევნებზე შამბა ბაგაფშთან რაულ ხაჯიმბას დაპირისპირების აქტიური მხარდამჭერი იყო და ამ ბრძოლაში დამარცხების შემდეგ, მის პოლიტიკურ კარიერაში, თითქოსდა, ოპოზიციის რიგებში უშინაარსო არსებობის ხანგრძლივი პერიოდი უნდა დამდგარიყო, თუმცა, საგარეო საქმეთა მინისტრი ამისათვის მზად აშკარად არ გახლდათ. აქ თამაშში, უფრო ზუსტად კი, პორტფელთა გადანაწილებაში გარე ფაქტორი ჩაერთო. საგარეო საქმეთა უწყების ხელმძღვანელის პოსტზე შამბას დარჩენას, წინასწარ მოლაპარაკებულებივით, ერთდროულად უშუამდგომლეს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ ლოშინინმა და საქართველოში აშშ-ის ელჩმა მაილსმა. ამ ორ ზესახელმწიფოს შორის პოზიციათა დაძაბულობისა და ვაჭრობის გარეშე დამთხვევა ანდრეი კოზირევის პერიოდის შემდეგ არ დაფიქსირებულა. 

ერთი სიტყვით, შამბა არა მხოლოდ ხელისუფლების რიგებში დარჩა, არამედ დროთა განმავლობაში, ბაგაფშის ბანაკის წევრებს შორის იმდენად ”თავისიანად” იქცა, რომ დღეისათვის ხუთი წლის წინანდელი მოვლენები რეალობასთან შეუსაბამო ზღაპარს დაემსგავსა. გასულ ზაფხულს, 2009 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის, ”ედინაია აბხაზია” შამბას სერგეი ბაგაფშთან წყვილში, ვიცე-პრეზიდენტის კანდიდატის სტატუსით ლობირებდა. ექსპერტთა წრეებში მიიჩნევდნენ, რომ ამ არჩევანს არაფერი ემუქრებოდა. თუმცა ალექსანდრე ანქვაბმა სიტუაცია უკანასკნელ მომენტში თავისთვის სასურველ კალაპოტში მოაქცია, რადგან მიიჩნია, რომ ვიცე-პრეზიდენტის სავარძელი მისთვის საუკეთესო დისპოზიცია იქნებოდა, როგორც აფხაზურ პოლიტიკურ ოლიმპზე აღმასვლისათვის, ისე, ძალთა ნებისმიერი გადანაწილების შემთხვევაში, კანონის შესაბამისად უზრუნველყოფდა მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში მის ხელისუფლებაში დარჩენას. 

რასაკვირველია, ანქვაბი და შამბა თავიანთი ”ურთიერთშეუთავსებლობის”  დემონსტრირებას დაუყოვნებლივ არ შეუდგებიან. შიდაპოლიტიკური ბრძოლის აქტიური, შესაძლოა, ღია ფაზა ალბათ საპარლამენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად დაიწყება. მანამდე კი ორივე მათგანი აგურ-აგურ ააგებს საკუთარ პლაცდარმს, რომლიდანაც აფხაზური პოლიტიკური ოლიმპის შტურმი უფრო მოსახერხებელი იქნება.