სტატიები
მტკვარიჰესის მოლოდიში

თამუნა უჩიძე, ახალციხე

მტკვარიჰესის მშენებლობის დაწყების საზეიმო ცერემონიას ქვეყნის პრეზიდენტი და  ენერგეტიკის მინისტრი ალექსანდრე ხეთაგური დაესწრნენ. მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ეს არის ყველაზე დიდი მშენებლობა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, ,,მტკვარიჰესი~ კი ქვეყანაში ყველაზე დიდი ჰიდროელექტროსადგური იქნება.

სოფელ საყუნეთში გზა უკვე მოხრეშილია. ამჟამად მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს. 

,,გავჭერით და მიწა გამოგვაქვს საძირკველის ჩასასხმელად. მოგვიწევს მთების გამოღება, რომ შენობა-ნაგებობები ავაგოთ მომსახურე პერსონალისთვის”, - ამბობს კომპანია ,,ჰიდროენერგომონტაჟის” ექსკავატორის ოპერატორი გია ხომასურიძე.

ჰესი მდინარე მტკვარზე, ახალციხის მახლობლად აშენდება. მისი სათავე ნაგებობა სოფელ რუსთავთან - 1.5 კილომეტრის მოშორებით განთავსდება, ხოლო ჰესის შენობა სოფელ საყუნეთთან - 0.6 კილომეტრის მოშორებით იქნება.

საქართველოს მთავრობამ სულ ახლახანს შემუშავებული კონცეფციის მიხედვით, მტკვარიჰესის კასკადის მშენებლობაზე საერთაშორისო ტენდერი გამოაცხადა. კონცეფცია ითვალისწინებს ერთი ან ორი  დიდი რეზერვუარისა და სამი კაშხლის მშენებლობას - ნიალა, ხერთვისი და ასპინძა. კასკადის სიმძლავრე 138-218 მეგავატს შეადგენს.

,,მტკვრის გასწვრივ, 59 კილომეტრზე საკმაოდ დიდი კომპლექსი გაშენდება”, - აცხადებს არასამთავრობო ორგანიზაცია ,,მწვანე ალტერანტივას” თავმჯდომარე მანანა ქოჩლაძე.   

მისი განმარტებით, კასკადის ასაგებად ორი ტიპის დიზაინი განიხილება. ერთი, დიდი სატუმბი რეზერვუარის მშენებლობას ითვალისწინებს: ,,ანუ ჯერ წყალი აიქაჩება რეზერვუარში მტკვრიდან და საჭიროების მიხედვით, შემდეგ გაუშვებენ გვირაბით. მეორე დიზაინით კი ორი საკმაოდ მაღალი, 88-მეტრიანი კაშხლის მშენებლობა იგეგმება”.

ჰიდროელექტრო სადგურის მშენებლობა დიდ ეკოლოგიურ საფრთხეებს უკავშირდება, მით უფრო რომ სამცხე-ჯავახეთში მტკვარიჰესის პარალელურად ფარავანჰესის მშნებლობაც მიმდინარეობს. ეს უკანასკნელი 78 მეგავატიანი სიმძლავრის იქნება. 

,,საფრთხე ექმნება ისტორიულ მემკვიდრეობას - ვარძია, ხერთვისი, ასევე ნიალას ველი, რომელიც საერთოდ არ არის შესწავლილი. შესაძლოა, ეს ველის მთლიანად დაიტბოროს”, - ამბობს მანანა ქოჩლაძე. 

მისი განცხადებით, ჰესები მიკროკლიმატის ცვლილებასა და ტენიანობის ზრდასაც იწვევენ: "კაშხლები ქმნიან სარტყელს, ამიტომ ტენიანობა რეგიონის მთელ სიგრძეზე მოიმატებს. რაც ადამიანებსა და კულტურულ მემკვიდრეობაზე საკმაოდ უარყოფით ზეგავლენას იქონიებს".

ქოჩლაძის ვარაუდით, პროექტით გამოწვეული სოციალური ზემოქმედება დაბალი იქნება, მხოლოდ ერთი ფერმის გადასახლება გახდება აუცილებელი: ,,ადგილობრივი მოსახლეობა ნებისმიერი ზემოქმედების შესახებ ინფორმირებული უნდა იყოს”.

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფლებში პრექტის შესახებ ,,ბევრი არაფერი იციან”.

,,პრეზიდენტმა თქვა ჰესი უნდა აშენდესო, სხვას ვინ რას გვეტყვის რა როგორ იქნება?!” - ამბობს სოფელ კლდეში მცხოვრები გელა კურტანიძე.

 ,,მთავარია ქვეყანას მოუტანოს სიკეთე, საწყალი ხალხისთვის უეთესობისკენ არასდროს არაფერი შეიცვლება”, - აცხადებს სოფელ წნისის მკვიდრი ბადრი ლომიძე.

მტკვარიჰესის მშენებლობისათვის 400-600 მილიონი ამერიკულ დოლარი, ფარავანჰესისათვის კი 80-85 მილიონი ამერიკული დოლარის ინვესტიციის განხორციელებაა საჭირო. მწვანე ალტერნატივას წარმოამდგენელს ,,ეეჭვება” ქვეყანას ამ პრექტების განხორციელება `ეკონომიკურად უღირდეს”. 

,,საქართველოს აქვს წყალჭარბობა ზაფხულში, არ იციან სად წაიღონ ელექტროენერგია, რომელიც გამომუშავდება და ამიტომ ჰიდროელექტრო სადგუერები წყალს ღვრიან”, - განმარტავს ქოჩლაძე.

მისი თქმით, ეს პრობლემა, მთავრობის გათვლებით, ნაწილობრივ მაშინ გადაიჭრება, როდესაც ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის გავლით ელექტროგადამცემი ხაზი ენერგიას ქვეყნის ფარგლებს გარეთ გაიტანს: ,,თუ ყველა ჰესს მიეცა საშუალება ელექტრო ენერგია გაყიდონ, რასაკვირველია ეს კარგი იქნება. მაგრამ ელექტრო გადამცემ ხაზებზე, რეალურად ახალი ქსელებისთვის ენერგიის გადასატანად კვოტა აღარ რჩება”.  

სანამ პრექტის განსახორციელებლად გარემოზე ზემოქმედებას შეისწავლიან, ან პროექტის დასრულების შედეგ ქვეყნისათვის მის ეკონომიკურ ღირებულებას გაზომავენ, ადგილობრივებისთვის მტკვარიჰესის მშენებლობის მნიშვნელობა მხოლოდ ერთი - დასაქმების საკითხის მოგვარებით განისაზღვრება.

,,სამშენებლო სამუშაოებზე მუშახელი რომ დასჭირდებოდათ” ამის შესახებ საზეიმო ცერემონიაზე ქვეყნის პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა: ,,მშენებლობაზე ადგილობრივებიც დასაქმდებიან”, -თქვა მან. 

ამჟამად ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობაზე დასაქმების მსურველ მოქალაქეთა განცხადებებმა სამი ათასს გადააჭარბა.

,,ნოემბრიდან დავიწყეთ აღნიშნულ მშენებლობაზე დასაქმების მსურველთა განცხადებების მიღება. ამ დროისათვის, დაახლოებით, 3 200 მოქალაქე მოვიდა. ჩავიწერეთ მათი საკონტაქტო ინფორმაცია და ის, თუ რა ხელობა იციან”, - გვითხრა ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის რწმუნებულმა ქალაქ ახალციხეში ლია ქებაძემ.

მისი ინფორმაციით, ძირითადად ზეინკლები, მძღოლები და დურგლები აკითხავეენ, რომელთაც შესაბამისი სერტიფიკატებიც აქვთ. 

,,ეს არის ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის წინასწარი მზადყოფნა ჰიდროელექტროსადგურ ,,მტკვაჰესის” სამუშაოებისთვის. წინასწარ ვადგენთ სიებს, რომ მერე მივაწოდოთ კომპეტენტურ პირებს და მოხდეს შერჩევა”, - გვიხსნის ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილემ რუბენ კარაპეტიანმა.

მანანა ქოჩლაძე პროექტზე ადგილობრივების დასაქმებას ,,უიმედო თვალით უყურებს”.

,,ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის პროექტის მშენებლობისას ინდოელი და პაკისტანელი მუშები ჰყავდათ ჩამოყვანილი მიწის სათხრელად. იგივეს განმეორება მთავრობამ აღარ უნდა დაუშვას, – აცხადებს ქოჩლძე და დასძენს, რომ საქართველოში ამას კანონი არ არეგულირებს, - კანონმდებლობა უცხოური კომპანიების მიერ მუშახელის ჩამოყვანას არ ზღუდავს. აქამდე არსებული პრაქტიკით თუ ვიმსჯელებთ, ადგილობრივების დასაქმების იმედი ნაკლებად უნდა გვქონდეს”.