სტატიები
ფანტასტიური PR

გიორგი ფუტკარაძე, თბილისი

საქართველოს ხელისუფლებამ შეერთებულ შტატებში ლობირებისთვის კიდევ ერთი პიარ-კომპანია დაიქირავა, რომლის წლიური მომსახურება დაახლოებით ნახევარი მილიონი დოლარი ჯდება. ანალოგიურად გასულ წელს ხელისუფლებამ მსგავს მომსახურებაში, შეერთებულ შტატებში, 800 ათასამდე დოლარი დახარჯა, თუმცა რამდენი დაჯდა ევროპაში ლობირება უცნობია. არცერთ სამთავრობო უწყებაში ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ, ან არ სურთ გაცემა. ქართული მედია ამ ინფორმციას ძირითადად უცხოური მედიასაშუალებებსა და ოფიციალურ ანგარიშებზე დაყრდონით იღებს.
ოპოზიციაში ეჭვობენ, რომ ეს თანხები პრეზიდენტის ფონდიდან იხარჯება, რადგან ის არავისთვის არის გამჭვირვალე. ხელისუფლება კი საპირისპიროს ამტკიცებს და აცხადებს, რომ პარლამენტს ნებისმიერი თანხების კონტროლი ხელეწიფება, ამასთან მისი თქმით, მსგავსი ხარჯების საჭიროება ძალიან დიდია. 

ბოლო ხელშეკრულება, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ ყოფილ დემოკრატ კონგრესმენთან რიჩარდ გეფჰართის Gephardt Group Government Affairs -თან იანვარში დადო, ერთწლიანია და საქართველოს ვაშინგტონში ხელისუფლების ლობირებას ითვალისწინებს.

კომპანიის მიერ აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტში წარდგენილი დოკუმენტაციის თანახმად, რომელსაც ქართული მხრიდან უშიშროების საბჭოს მდივანი ეკა ტყეშელაშვილი აწერს ხელს, კონტრაქტის ღირებულება 436 800 აშშ დოლარია.

კომპანია იღებს ვალდებულებას გაუწიოს საქართველოს ხელისუფლებას ლობისტური და მთავრობასთან ურთიერთობის მომსახურეობა აშშ-ის კონგრესსა და აღმასრულებელ ხელისუფლებაში.

აღნიშნული სახის კონტრაქტები საქართველოს ხელისუფლებამ შეერთებულ შტატებში შარშანაც გააფორმა და ვაშინგტონის ლობისტურ ფირმებთან 770 ათას დოლარიანი კონტრაქტები დადო. როგორც აშშ-ს კონგრესის გამოცემა The Hill იუწყებოდა PR-საკონსულტაციო და ლობისტური ფირმების დაიქირავება, ვაშინგტონში, დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს შორის, საქართველოსადმი  მხარდაჭერის კიდევ უფრო გაძლიერებას უნდა მოხმარებოდა.

The Hill რომელიც ძირითადად ამერიკის კონგრესის თემატიკის და მასთან დაკავშირებული საკითხების გაშუქებას ახდენს, იუწყებოდა, რომ მარტში საქართველოს მთავრობამ 300 ათასი აშშ დოლარიანი კონტრაქტი გააფორმა ლობისტურ ფირმა Public Strategies -სთან. კონტრაქტის ხანგრძლივობა ექვსი თვე იყო და ამ ფირმაში მუშაობდა რამდენიმე გავლენიანი პირი დემკრატიული პარტიიდან, მათ შორის ჯეფ ელერი, რომელიც პრეზიდენტ კლინტონის დროს თეთრი სახლის მედია კამპანიას კურირებდა და რობერტ ლუდკე, რომელიც წარსულში დემოკრატიული პარტიის პოლიტიკური კომიტეტის საბიუჯეტო და საგადასახადო საკითხების ანალიტიკოსი იყო.

ამას გარდა, საქართველომ 11 თვის ვადით დაიქირავა ორი კონსულტანტი - დენიელ კუნინი, რომელიც წლების განმავლობაში სააკაშვილის მრჩეველი იყო და გრეგორი მანიატისი. კონტრაქტის ღირებულება დაახლოებით 470 ათას აშშ დოლარს შეადგენდა.

,,კონტრაქტის მიხედვით ჩვენ უნდა მივაწოდოთ საქართველოს მთავრობას საერთაშორისო ურთიერთობებზე, კერძოდ კი აშშ-სთან მიმართებაში სტრატეგიასა და კომუნიკაციებთან დაკავშირებული რჩევები,” - განაცხადა მანიატისმა შარშან გაზეთისადმი ელექტრონული ფოსტით გაგზავნილ წერილში.

აღნიშნული ახალი საკონსულტაციო კონტრაქტები დაეემატა უკვე არსებულ ლობისტურ ფირმას Glover Park Group -ს, რომელიც საქართველოს მთავრობამ 2008 წლის აგვისტოში დაიქირავა.

2008 წელს აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტისადმი წარდგენილ დოკუმენტაციაში Glover Park Group -ი მიუთითებს, რომ მან საქართველოს მთავრობისგან გაწეული მომსახურეობისათვის 320 ათასი აშშ დოლარი მიიღო.

იმავე დოკუმენტაციის მიხედვით, დაქირავების შემდეგ Glover Park Group-მა 50-ზე მეტი კავშირი დაამყარა კონგრესმენებისა და სენატორების ოფისებთან, რათა საქართველოს ოფიციალურ პირებთან შეხვედრებისთვის ორგანიზება გაეწიათ, ან განეხილათ სავაჭრო ურთიერთობებთან დაკავშირებული საკითხები. 

ფირმას, საქართველოს საკითხებთან დაკავშირებით, კონტაქტები ქონდა სენატის უმრავლესობის ლიდერ ჰარი რიდის თანაშემწეებთან და ასევე რესპუბლიკელების ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატ სარა პეილინთან. Glover Park Group -ის ერთ-ერთი მიზანი ასევე იყო პრეზიდენტ სააკაშვილის მედიაში წარმოჩენა.

აღნიშნული ფირმების გარდა, საქართველოზე ასევე მუშაობდა Orion Strategies, რომელმაც აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის მონაცემებით, 2008 წელს საქართველოს მთავრობისგან 150 ათასი აშშ დოლარი მიიღო. 

The Washington Post -ი 2008 წლის აგვისტოში იტყობინებოდა, Orion Strategies--მა 2004 წლიდან მოყოლებული საქართველოსგან მთლიანობაში 800 ათასი აშშ დოლარი მიიღო. თუმცა, 2009 წელს ამ ფირმასთან საქართველოს კონტრაქტი აღარ გაუგრძელებია. აღსანიშნავია, რომ rom Orion Strategies არის პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატის ჯონ მაკკეინის  საგარეო პოლიტიკის საკითხებში მრჩევლის რენდი შეუნმანის მიერ დაფუძნებული.

აშშ-ის გარდა, საქართველოს მთავრობას ევროპაშიც ყავდა დაქირავებული PR -საკონსულტაციო ფირმა - ბრიუსელში განთავსებული Aspect Consulting -ი, რის შესახებაც ამ კომპანიის წარმომადგენლებმა თავად გააკეთეს განცხადებები, თუმცა რა ფასად უცნობია.

საგულისხმოა ისიც, რომ პრეზიდენტმა სააკაშვილმა კატეგორიულად უარყო ამერიკელ ლობისტებზე მილიონების ხარჯვა. 2008 წლის სექტემბერში სააკაშვილმა არ დაადასტურა ინფორმაცია, რომ მის ადმინისტრაციას ,,ლობირების კუთხით რაიმე ურთიერთობები” აქვს რესპუბლიკური პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატის ჯონ მაკკეინის მრჩეველთან საგარეო პოლიტიკის საკითხებში რენდი შეუნმანთან.  

მას ეს კითხვა BBC -ის გადაცემა HARDtalk -ში მაშინ დაუსვეს, როდესაც პრეზიდენტი სააკაშვილი იმ უზარმაზარ მხარდაჭერაზე საუბრობდა, რომელიც საქართველოს ამერიკის შეერთებულ შტატებში აქვს. 

,,ჩვენ უზარმაზარ მხარდაჭერას ვიღებთ აშშ-ს ადმინისტრაციისგან,” - განაცხადა მან და დასძინა, რომ ეს მხარდაჭერა არა მხოლოდ პრეზიდენტ ბუშისა და მისი ადმინისტრაციიდან მოდის, არამედ აშშ-ს ორივე საპრეზიდენტო კანდიდატისგან. 

ამის თქმისას გადაცემის წამყვანმა სტეფან საკურმა გააწყვეტინა სააკაშვილს და ჰკითხა: ,,არავინ ერთი წამითაც არ უარყოფს იმას, რომ თქვენ ფანტასტიური PR -ი გაქვთ და ბევრი მხარდამჭერი გყავთ ვაშინგტონში; ზოგი ამბობს, ეს ნაწილობრივ იმიტომ ხდება, რომ თქვენ მილიონობით დოლარს ხარჯავთ ლობისტურ წრეებში და PR -ზე ვაშინგტონში, მათ შორის საგარეო პოლიტიკის საკითხებში ბატონი მაკკეინის მრჩეველიც არის [რენდი შეუნმანი]; მისმა ორგანიზაციამ [Orion Strategies }უამრავი ფული მიიღო თქვენი მთავრობისგან; ამრიგად, თქვენ ნამდვილად გყავთ PR-მეგობრები, მაგრამ როდესაც საქმე ძალიან კონკრეტულ და პრაქტიკულ დახმარებას ეხება, რა გაგიკეთეს ამერიკელებმა იმისათვის, რომ ხელი შეუშალონ რუსებს, რაც უნდათ ის აკეთონ თქვენს ტერიტორიაზე?” 

,,ახლა ისე ლაპარაკობთ, როგორც ბატონი პუტინი,” - უპასუხა მაშინ სააკაშვილმა გადაცემის წამყვანს ღიმილით. ”რა მილიონობით დოლარი? რა ლობისტები? ... ჩვენ არ გვაქვს მილიონები, რომ რამეში დავხარჯოთ, განსაკუთრებით ლობირებაში”. 

Washington Post კი 2008 წლის 31 აგვისტოს წერდა, რომ 2004 წლიდან Orion Strategies -მა საქართველოს ხელისუფლებისგან 800 000 აშშ დოლარი მიიღო.  

საყურადღებოა ისიც, რომ კონტრარგუმენტის სახით საგარეო დაზვერვის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა გელა  ბეჟუაშვილმა გასულ წელს განაცხადა, რომ  რუსეთი აქტიურად იყენებდა საერთაშორისო ლობისტურ ჯგუფებს, PR-კომპანიებს და უცხოურ მედიას საქართველოს დისკრედიტაციაზე და დეზინფორმაციის გავრცელებისთვის. მისი თქმით, რუსეთმა მხოლოდ 2008 წელს საქართველოსთან PR-ომში 20 მლნ აშშ დოლარზე მეტი დახარჯა.

მან ასევე დაასახელა ის კომპანიები, რომლებსაც, მისი თქმით, კრემლი პირდაპირ თუ ”გაზპრომის” მეშვეობით უკვეთავდა 2006 წლიდან საქართველოს დისკრედიტაციის კამპანიას. ამ კომპანიებს შორის მან დაასახელა: Ketchum Ltd; Gavin Andreson; GPlus; Alston&Bird, LLP.

რა თანხებს ხარჯავს მთავრობა ყოველწლიურად დასავლეთში ლობირებისთვის უცნობია. საქართველოს ფინანსთა სამინისტროში ამბობენ, რომ ინფორმაცია მსგავსი ხარჯების შესახებ არ აქვთ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსპიკერის მანანა მანჯგალაძის განცხადებით ეს მის კომპეტენციაში არ შედის. 

საქართველოს პრემიერის პრესამსახურის უფროსი ნიკოლოზ მჭედლიშვილი ამბობს, რომ მასაც არ აქვს ინფორმაცია ამ თანხების შესახებ და ვერ ადასტურებს არის თუ არა გამოყოფილი მთავრობის სარეზერვო ფონდიდან. ხოლო მთავრობის ოფიციალურ საიტზე კი სარეზერვო ფონდში ამ ხარჯებზე არაფერია ნათქვამი.  

საქართველოს პარლამენტის წევრი, ოპოზციონერი დეპუტატი გია ცაგარეიშვილი ეჭვობს, რომ ეს თანხები პრეზიდენტის ფონდიდან იხარჯება, რადგან ის ყველასათვის ხელმიუწვდომელია. პარლამენტში კი ამის თაობაზე ინფორმაცია არ აქვთ.

,,მე ამ ხარჯებს ვითხოვ ექვსი თვეა და ვერ მივაღწიე იმას, რომ მივიღო ინფორმაცია. პრეზიდენტის ფონდი დახურულია, ხოლო ეს თანხები სხვა უწყებიდან რომ გასულიყო უნდა ყოფილიყო გამჭირვალე” – ამბობს ცაგარეიშვილი და იქვე დასძენს, რომ ძალიან მალე აღნიშნული ფონდის გამჭირვალების თაობაზე სარჩელით ევროსასამართლოს მიმართავს. 

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე დავით დარჩიაშვილი კი ამბობს, რომ ნებისმიერი თანხმების კონტროლი ხელეწიფება პარლამენტს თუ რაიმე არის სპეცსახსრები, რაც არცერთ ქვეყანაში სრულ გამჭირვალეობას არ ექვემდებარება, არსებობს ნდობის ჯგუფი რომელსაც ყოველთვის მიუწვედება ხელი ნებისმიერ ხარჯებზე.

,,ეს არ არის საკვირველი და საჭიროებაც დიდია. იმ მდგმარეობაში, როგორშიც საქართველო იმყოფება, ასეთ დროს თანხების დანანება არ შეიძლება”, – ამბობს დარჩიაშვილი.