აურზაური თეატრის კულისებში
თამუნა შონია, ზუგდიდი
შალვა დადიანის სახელობის დრამატული თეატრის დირექტორის თანამდებობა ვაკანტურია, მას შემდეგ რაც დირექტორმა ირაკლი გოგიამ გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა.
თეატრის მსახიობები ხმამაღლა საუბრობენ თეატრში შექმნილ არაჯანსაღ გარემოზე და მთავარ დამნაშავედ თეატრის ყოფილ დირექტორს ირაგლი გოგიას ასახელებენ.
,,თეატრში მისი მოსვლის დღიდან დაიწყო პრობლემები, რაც დღითიდღე უფრო მწვავდებოდა. სამი წელი საშინელ დღეში ვიყავით, რაც მან თეატრში გააკეთა ეს ყოველგვარ ჩარჩოებს სცილდებოდა, დაღუპა თეატრი. ყველა დაგვაპირისპირა ერთმანეთს - ახალი და ძველი თაობის მსახიობები. ეს იყო კაცი, რომელმაც არ იცოდა ამ თეატრის ისტორია, და მის წარსულს პატივს არ სცემდა, მემგონი ის უნდა წასულიყო აქედან”, - ამბობს მსახიობი ნანა ბუკია.
მსახიობი მარინა დარასელია ზუგდიდის თეატრში 25 წელია მუშაობს და იგი თეატრში ყოფნის ბოლო სამ წელს ყველაზე მძიმე პერიოდად აფასებს.
,,გოგიას მოსვლიდან არ დაუწყია ამ თეატრს არსებობა, მას 145 წლის ისტორია აქვს. აქ მანამდე რობიკო სტურუა, თემურ ჩხეიძე, ავთო მახარაძე, ჟანრი მოლაშვილი და სხვა უნიკალური რეჟისორები და მსახიობები მუშაობდნენ. ახლა თეატრში მხოლოდ ცხრა მსახიობია დაკავებული, მან მოსვლისთანავე ოთხი მსახიობი გაათავისუფლა. იგი ყველაფერს აკეთებდა იმისთვის რომ თეატრში მსახიობი არ ყოფილიყო”, - გვითხრა მარინა დარასელიამ.
თავად ირაკლი გოგიამ გადადგომის შესახებ განცხადება რამდენიმე დღის წინ დაწერა და მან ამის შესახებ მსახიობებს სპეციალურად მოწვეულ კრებაზე შეატყობინა.
“მან წასვლის წინ კრება ჩაატარა და დაახოცინა უფროსი და უმცროსი თაობა ერთმანეთს. ანუ ისე დაგვტოვა, რომ უნდოდა მსახიობებს მისი წასვლის შემდეგაც ერთმანეთში ცუდი დამოკიდებულება ქონოდათ. საბედნიეროდ იგი წავიდა და ჩვენ არ ვაპირებთ ერთმანეთის შეჭმას. როგორც კი ახალი ხელმძღვანელი მოვა მოვითხოვთ, იმ განთავისუფლებული მსახიობების დაბრუნებას, დღეს სადაა დასაკარგი მსახიობები”, - ამბობს მსახიობი მარინა დარასელია.
ირაკლი გოგიამ თეატრიდან წასვლისთანავე ზუგდიდი დატოვა და იგი ამჟამად თბილისში იმყოფება. თეატრის ყოფილი ხელმძღვანელი მის მიმართ წარმოთქმულ ყველა ბრალდებას უარყოფს და თეატრიდან მის წასვლას პროფესიულ ზრდას უკავშირებს.
,,ნელ-ნელა სხვა ეტაპებზე გადავდივარ და სხვა სამსახურიდან გამომდინარე, გადავწყვიტე დამეწერა განცხადება გათავისუფლების შესახებ. უამრავი პროექტია რომელიც მეტ დაფინანსებასაც მოითხოვს და ელემენტარულად სხვა რაღაცეების კეთება უნდა დავიწყო. თეატრის მსახიობები რასაც ჩემი მისამართით ამბობენ, ყველაფერი მათი ფანტაზიის ნაყოფია და გამოგონილი ბრალდებებია. პირიქით ჩემი მისვლით თეატრში ბევრი რამე გაკეთდა და ეს მათ უნდა დაენახათ”, - გვითხრა მან.
თეატრში მართლაც არიან მსახიობები, რომლებიც გოგიას მუშაობას დადებითად აფასებენ.
,,მე პირადად მას მუშაობას ვერ დავუწუნებ, მან დადგა ათი სპექტაკლი, ზოგი კარგი, ზოგი საშუალო, არ შეიძლება ათივე საუკეთესო ხარისხის ყოფილიყო. რაც შეეხება, მსახიობების გაშვებას, მაშინ დაფინანსება ძალიან მწირი იყო და სწორედ ამან განაპირობა რამდენიმე მსახიობის გაშვება. მე როცა 35 წლის წინ მოვედი თეატრში მაშინ 105 თანამშრომელი ყავდა თეატრს, ახლა ყველანი ერთად 30 ვართ. ვიცი რასაც ამბობენ და რა ხმები დადის ჩვენს გარშემო, მაგარამ ეს ჩვენს მუშაობას ხელს ვერანაირად ვერ შეუშლის. აქ მთავარია მსახიობები არ წავიდნენ”, - გვითხრა ზუგდიდის დრამატული თეატრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ზურაბ ლაშხიამ.
მას გოგიას წასვალზე უფრო თეატრის მომავალი აინტერესებს და იმ პრობლემებზე საუბრობს, რომელიც თეატრს რამდენიმე ათეული წელია აწუხებს.
,,თეატრს აუცილებლად სჭირდება რემონტი, დიდი ხანია თეატრს აწვიმს, ინგრევა კედლები. აქ სარემონტო სამუშაოები 1978 წლიდან არ ჩატარებულა, დიდი თანხაა საჭირო, საშუალოდ მილიონ ნახევარი და მარტო ქალაქის ბიუჯეტი ვერ გაწვდება. ძალაინ მწირია ჩვენი ხელფასები, საშუალო ხელფასი 140 ლარია. სიცივეში ვმუშაობთ, ცოტა მეტი დაფინანსება თუ იქნება და ხელშეწყობა, მსახიობები მადლიერნი ვიქნებით, ვნახოთ ახალი დირექტორი თუ შეძლებს ამ პრობლემების მოგავრებას”, - ამბობს იგი.
მაყურებელსაც, დირექტორის წასვლაზე უფრო, თეატრის ბედი აწუხებს: ,,თეატრი არის ყველასგან დავიწყებული, განსაკუთრებით საზოგადოების მხრიდან არ არის მოთხოვნა მის მოდერნიზაციაზე და განახლებაზე. ადგილობრივი ხელისუფლება საზოგადოების მოთხოვნის დაკვეთის შესაბამისად მოქმედებს და მის პრიორიტეტულ სამოქმედო არეალში თეატრს სამწუხაროდ ბოლო ადგილიც არ უჭირავს. თეატრის შენობა სავალალო მდგომარეობაში იმყოფება და ამაზე გული თეატრის მუშაკთა გარდა, არავის არ შესტკივა. თუმცა რა უნდა ვთქვათ, როცა შენობას დღემდე ამშვენებს საბჭოთა პერიოდის სიმბოლოები ურო და ნამგალი”, - ამბობს ზუგდიდელი პაატა სიჭინავა.
მსახიობები კი ახალი ხელმძღვანელის მოლოდინში არიან.
როგორც ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ამბობენ, ჯერ არ არის გადაწყვეტილი ვინ ჩაუდგება თეატრს სათავეში. გოგიას მუშაობაზე და მისი წასვლის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებაზე შეფასებით კი თავს იკავებენ.
,,მე ვიცი, რომ ირაკლი გოგია აპირებს თბილისში გადასვლას. ვინ იქნება თეატრის დირექტორი, ჯერჯერობით, ვერ გეტყვით, რადგანაც გამგებელს კულტურის სამინისტროსთან შუამდგომლობა ჯერ არ გაუკეთებია. შიდა დაპირისპრებას თეატრში ქონდა ადგილი, მაგარამ მე ვფიქრობ, რომ მსახიობები ისევ შეკრულ გუნდად იმუშავებენ. ეს ყველაფერი რაც იქ ხდებოდა, არის მოგვარებადი. გოგიამ თვითონ დაწერა განცხადება და თავისი სურვილით წავიდა თეატრიდან”, - განაცხადა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილემ დარეჯან გაბედავამ.