სტატიები
ფრთები, ფრთები გვინდა!

ლაშა ზარგინავა, ფოთი

"ფოთის აეროპორტის ტერიტორიაზე, დაახლოებით წელიწადნახევარში, კავკასიაში ყველაზე დიდი საერთაშორისო აეროპორტი აშენდება", - ამის შესახებ პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა წინასაახალწლოდ ფოთში ვიზიტისას განაცხადა. 

სააკაშვილის თქმით, აეროპორტის ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ იმდენივე მგზავრის მიღება გახდება შესაძლებელი, რამდენსაც დღეისათვის თბილისის, ერევნისა და ბაქოს აეროპორტები იღებენ.

"დაახლოებით წელიწადნახევარში აქ აშენდება საქართველოში და ამიერკავკასიაში ყველაზე დიდი აეროპორტი. ზაფხულობით ეს აეროპორტი მიიღებს უფრო მეტ მგზავრს და ტვირთს, ვიდრე ბაქო, ერევანი და თბილისი ერთად აღებული. ეს არის საქართველოში ევროპასთან ყველაზე ახლო აეროპორტი, ამავე დროს აქ იქნება ძალიან დიდი ტვირთგადაზიდვები. აქ დაიწყებენ ჩარტერულ ფრენას დიდი თვითმფრინავები, როგორც დაფრინავენ ჩარტერები თურქეთში, ესპანეთში. აქედან ევროპამდე არის 3-დან 4 საათამდე საფრენი მანძილი,”-განაცხადა ფოთში სტუმრობისას პრეზიდენტმა სააკაშვილმა. 

განცხადებიდან რამდენიმე თვის გასვლის მიუხედავად, ჯერჯერობით, ფოთში პრაქტიკულად არაფერი გაკეთებულა. გარდა იმისა, რომ მიწები, რომელიც ნაწილობრივ ეკუთვნოდა მეზობელ რაიონს, ხობის მუნიციპალიტეტს, ცენტრალური ხელისუფლების ჩარევის შედეგად, ჯერ ფოთს, შემდეგ კი, უცხოელ ინვესტორს, არაბულ "რაკია ინვესტმენტს", უშუალოდ პრეზიდენტის სპეციალური განკარგულებით, პირდაპირი მიყიდვის წესით, სიმბოლურ ფასად-1 მილიონ დოლარად გადაეცა. 

ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება, ფოთში მოქმედი არასამთავრობო და ოპოზიციური ორგანიზაციების პროტესტის საგანი გახდა. აქტიურობენ, როგორც გარემოსდამცველები, ასევე ის ორგანიზაციები, რომლებიც თვითმმართველობის განვითარების საკითხებზე მუშაობენ.   

მართალია, სამშენებლო სამუშაოები ჯერ არ დაწყებულა, თუმცა გარემოსდამცველი ორგანიზაციები და დამოუკიდებელი ექსპერტები, რეგიონში, პროექტის განხორციელების შემთხვევაში, ეკოლოგიურ კატასტროფას წინასწარმეტყველებენ.

"ამდენი აფრენ-დაფრენა, ამდენი ხმაური მეტი არაფერია, თუ არა, ის, რომ ეს ფრინველები დაფრთხებიან და გაიქცევიან ჩვენგან. ვერც დაიზამთრებენ, იმიტომ რომ ნადირ-ფრინველი ძალიან ფრთხილია, ერიდება ხმაურს, რამაც შეიძლება მასშტაბური ეკოლოგიური ცვლილებებიც გამოიწვიოს. არ არის გამორიცხული, ეს საკითხი, გამომდინარე იქიდან, რომ ამ ტერიტორიებს რამსარის კონვენცია იცავს, საერთაშორისო სკანდალის საბაბი გახდეს", - ვარაუდს გამოთქვამს, ექსპერტი გარემოს დაცვის საკითხებში, აკადემიკოსი, ანზორ ტყებუჩავა.

ტყებუჩავას განცხადებით, შეუქცევადმა პროცესებმა, შესაძლოა ფლორის და ფაუნის, ისეთი სახეობების გაქრობა გამოიწვიოს, რომლებიც მხოლოდ კოლხეთის ეროვნულ პარკშია დაცული და გადაშენების პირასაა.

ის, რომ რამსარის კონვენციით დაცულ ტერიტორიასთან, დიდი მასშტაბების აეროპორტის მშენებლობა, საერთაშორისო განსჯის თემა გახდება, არ გამორიცხავს სოფო ახობაძე, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე, რომელიც ამავე დროს, საქართველოში, რამსარის კონვენციის მუდმივმოქმედი კომისიის წარმომადგენელია.

"კოლხეთის ეროვნული პარკი და ჭაობები, რომელიც შენარჩუნებულია პირვანდელი სახით, არ არის მხოლოდ საქართველოს საკუთრება, ის დაცულია რამსარის კონვენციით და საერთაშორისო მნიშვნელობისაა. აღნიშნული პროექტი, გაცილებით მეტ ყურადღებასა და მუშაობას საჭიროებს, რადგან საქმე გვაქვს მეტად საფრთხილო და მნიშვნელოვან დეტალებთან”. 

"დიდი დატვირთვის აეროპორტის მშენებლობამ, შესაძლოა საერთოდ შეცვალოს ის გარემო-პირობები, რომელიც მსოფლიოში ერთადერთ, კოლხეთის  უნიკალურ ჭაობებში არსებობს. რამსარის კონვენციის გასვლითი სხდომა მომავალ წელს საქართველოში უნდა ჩატარდეს, თუმცა, მანამ, ალბათ იქნება პასუხი, თუ როგორ უნდა ვიმოქმედოთ”,-დასძენს ახობაძე.

მოსალოდნელ ეკოკატსტროფაზე საუბრობს არასამთავრობო ორგანიზაცია "არგომედია"-ს თავმჯდომარე ირაკლი აბსანძე, რომელიც სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად, სპეციალური მიმართვის ტექსტის შედგენას და დაგზავნას აპირებს, საერთაშორისო გარემოსდამცველ ორგანიზაციებსა და საქართველოს პრეზიდენტთან.

"ფოთში, დიდი აეროპორტის აშენების საწინააგმდეგოდ ბევრი მყარი არგუმენტია. ტერიტორიას, სადაც სამხრეთ კავკასიაში უდიდესი აეროპორტის აშენებას აპირებენ, რამსარის საერთაშორისო კონვენცია იცავს. ეს პარკი ძალიან მნიშვნელოვანი პუნქტია გადამფრენი ფრინველების აფრიკა-ევრაზიის ტრასაზე. აეროპორტი ძირეულად დაარღვევს ამ უნიკალურ ეკო-სისტემას და ეს გლობალური ეკოლოგიური დანაშაული იქნება. მეორეს მხრივ ფრინველებით მდიდარი გარემო საფრთხეს უქმნის ფრენების უსაფრთხოებას. ამიტომაცაა, რომ დიდ აეროპორტებში საგანგებოდ გაწვრთნილი მტაცებელი ფრინველებით ებრძვიან ჩიტებს", - აცხადებს აბსანძე. 

"არგომედია" მუშაობს განცხადების ტექსტზე, სადაც პროექტის მიმართ არსებულ შეკითხვებს და მოსაზრებებს აყალიბებენ.

"ჩვენს პარტნიორ არასამთავრობო ორგანიზაციებს მთელი საქართველოს მასშტაბით გავაცნობთ და ერთობლივად მივმართავთ პრეზიდენტის ადმინისტრაციას, ეკონომიკისა და გარემოს დაცვის სამინისტროებს განმარტებებისათვის", - ირწმუნება აბსანძე.

რამსარის კონვენციას, რომელზეც ჩვენი რესპოდენტები აპელირებენ, 1971 წელს, ირანში, ქალაქ რამსარში მოეწერა ხელი და დაცულ ჭაობებს იცავს, რომელებიც საერთაშორისო მნიშვნელობის მატრებლები არიან. 

პრეზიდენტის პოზიციის დაფიქსირებამდე, არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით ბრალდებებს, ფოთის მერი და მაჟორიტარი დეპუტატი პასუხობს.

"არ ვუყურებ ამ საკითხს ასე საგანგაშოდ და სახიფათოდ, როგორც ცდილობენ წარმოაჩინონ, პოლიტიკური პარტიები და არასამთავრობო ორგანიზაციები. მთელ მსოფლიოში სახელმწიფოები მიდიან განვითარების გზით და ამის შეთავსებას ახდენენ ნაკრძალებთანაც, ფრინველებთანაც, ცხოველებთანაც და საერთოდ ფლორასთან და ფაუნასთან. კოლხეთის ეროვნული პარკის ირგვლივ ატეხილმა სკანდალმა, არ უნდა შეაფერხოს, ამ პროექტის განხორციელება, იმიტომ რომ ამ პროექტის უკან დგანან ადამიანები, სამუშაო ადგილები, ფული და ნორმალური ცხოვრება, არამარტო ფოთელების, არამედ მთელი საქართველოსი", - გვეუბნება ფოთის მაჟორიტარი დეპუტატი თემურ წურწუმია, 

"სასკანდალოს ვერაფერს ვერ ვხედავ. ვინც ეს თქვა, ალბათ ვერ ერკვევა კარგად ამ საკითხებში. იქ იყო აეროპორტი და მუშაობდა წლების განმავლობაში, თუმცა არავითარი სკანდალი არ ყოფილა. რა მნიშვნელობა აქვს, კოლხეთის ეროვნული პარკიდან მოშორებულია ეს ტერიტორია, თუ არა. არის იქ საკმარისი მანძილი, იმისათვის, რომ რამეს ხელი არ შეუშალოს. აქ ფუნქციონირებდა აეროპორტი და თუ მოზრდილი თვითმფრინავებიც დაჯდება, ამით არაფერი არ მოხდება", - აცხადებს ფოთის მერი, ივანე საღინაძე. 

გარდა ეკოლოგიური პრობლემებისა, აკადემიკოსი ანზორ ტყებუჩავა ყურადღებას, აეროპორტის ასაშენებელი ტერიტორიის გეოლოგიურ კომპონენტზე ამახვილებს. 

"ფოთის გრუნტი არის არამყარი გრუნტი და ბოინგის დასაჯდომად აეროპორტის მომზადება ასეთ გრუნტზე, ცოტა უცნაურად მეჩვენება. არ ვიცი, ახლა, პრეზიდენტმა კი თქვა ეს, მაგრამ, წინასწარ იყო თუ არა ის ინფორმირებული აქაურ პირობებზე, ვერ გეტყვით. გამიკვირდა უბრალოდ. აქ ძალიან დიდ სიღრმეზე უნდა იყოს ამოღებული ის ტორფის ფენა, რომელიც 10 მეტრამდეა ნიადაგში. ამის შემდგომ ამოღებული ნიადაგი რკინა-ბეტონის კონსტრუქციებით უნდა შეივსოს. რაც ძალიან დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული. გვაქვს გადასარევი მაგალითი, აეროპორტის ტერიტორიაზე გაშენდა ადმინისტრაციული შენობა, ის ფაქტობრივად ექსპლუატაციაში არც შესულა, აშენებიდან სულ ერთ წელიწადში ბზარები მიიღო, შემდეგ დეფორმაცია და ბოლოს სულ დაინგრა. ეს ხომ, მაგალითია იმისა, რომ შენობას ვერ გაუძლო იქაურმა გრუნტმა და ბოინგების დაჯდომას გაუძლებს?!" - შეკითხვას სვამს ტყებუჩავა, რაზეც თავისი არგუმენტები მოჰყავს ხელისუფლების წარმომადგენლებს. 

ტყებუჩავას მოსაზრებებს არ იზიარებს თემურ წურწუმია, რომელიც თვლის, რომ ზემოთაღნიშნული საკითხის მოგვარება, უმტკივნეულოდ შეიძლება. 

"დღეს სამშენებლო ტექნოლოგიები ისე არის განვითარებული, რომ ნებისმიერ გრუნტზე შეიძლება ურთულესი ობიექტის მშენებლობა. ფოთის აეროპორტში, აქამდეც იყო ასაფრენი ზოლი, სადაც ჩვეულებრივი დიდი გაბარიტის თვითმფრინავები ჯდებოდნენ და აფრენას ახორციელებდნენ, ისე, რომ მათ არავითარი პრობლემა არ შექმნიათ. რაც შეეხება იმ შენობას, რომელიც საბჭოთა პერიოდში აშენდა და შემდგომ გრუნტის დაჯდომის გამო დაინგრა- სულ სხვა მიზეზებით იყო გამოწვეული. მაშინ იქ ძალიან ძლიერი მიწის მწოვი მანქანები მუშაობდნენ, ვერ მოხდა გათვლა წყლის გამტარუნარიანობის, რის გამოც ნიადაგი დაჯდა, ეს არის იმ პერიოდის ინჟინრებისა და დამპროექტებლების ხარვეზი და შეცდომა. ამ მომენტს, ის საერთაშორისო სტრუქტურა, რომელიც აეროპორტს აშენებს, რათქმაუნდა გაითვალისწინებს", - იმედოვნებს წურწუმია.

"ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" ფოთის ორგანიზაციის თავმჯდომარე, ლაშა ბერაია, ამბობს, რომ ხელისუფლების მიერ, 100 ჰა მიწის ფართის "რაკია ინვესტმენტისთვის" სიმბოლურ ფასად გადაცემის გადაწყვეტილება, დანაშაულის ტოლფასი და თვითმმართველობის როლის იგნორირებაა.

"სამწუხაროდ ამ შემთხვევაშიც ადგილობრივი თვითმმართველობის   გათვალისწინება მინიმალურზე დაბალია, რადგან გაცილებით ძვირადღირებული მიწის ნაკვეთს შედარებით ძალზე იაფად ყიდის ხელისუფლება. თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ სულ ცოტა ხნის წინ ადგილობრივმა ხელისუფლებამ მიწის ფასი გააიაფა, ნათლად დავინახავთ თუ რაოდენი სხვაობაა ამ ფასში, რაც ყოვლად მიუღებელი და დანაშაულის ტოლფასია", - აცხადებს ბერაია.

აღნიშნულთან დაკავშირებით, ჯერჯერობით, არანაირი კომენტარი არ კეთდება "რაკია ინვესტმენტის" მხრიდან. რაც შეეხება კოლხეთის ეროვნულ პარკს, როგორც მისი დირექტორი ზურაბ ჯიბლაძე აცხადებს-ახალი აეროპორტის აშენება, გარემოზე ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენს. 

ფოთის მერი ივანე საღინაძე, არ მალავს, რომ 1 მილიონი დოლარი, მართლაც სიმბოლური ფასია და მიწა, რომელიც უცხოელ ინვესტორს მიეყიდა, გაცილებით მეტი ღირს, თუმცა ამის საპირწონედ, სხვა არგუმენტები მოჰყავს.

"ქონება იქ, ფაქტობრივად არაფერი არ არის, ყველაფერი დანგრეულია. არის მიწა და მიწის ნორმატიულ ფასს თუ ავიღებთ, ის ბევრად მეტია, ვიდრე ერთი მილიონი აშშ დოლარი, მაგრამ ზუსტად იმიტომ გაიყიდა ეს სიმბოლურ ფასად, რომ განვახორციელოთ ინვესტიციები. ამ ფასში შედის, როგორც ფასი 1 მილიონი აშშ დოლარი, პლუს ათეულობით მილიონის ინვესტიცია, რომლითაც უნდა აშენდეს აეროპორტი. ყველა ვხედავთ, რომ არის ძველი აეროპორტი, რომელიც პარტახდება და პატრონი არა ჰყავს, არაფერი კეთდება", - აცხადებს საღინაძე.